თაკო ჩარკვიანი - იმედი მაქვს, ხაბეიშვილი უფრო მოქმედი თავმჯდომარე იქნება, ნიკა მელიას სამომავლოდ ეცოდინება, რომ რაღაცები უნდა გაითვალისწინოს
თაკო ჩარკვიანი - იმედი მაქვს, ხაბეიშვილი უფრო მოქმედი თავმჯდომარე იქნება, ნიკა მელიას სამომავლოდ ეცოდინება, რომ რაღაცები უნდა გაითვალისწინოს

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ლევან ხაბეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

ჩარკვიანი იმედოვნებს, რომ ხაბეიშვილი უფრო მოქმედი თავმჯდომარე იქნება.

„პირველ რიგში, მისალოცია, რომ ნორმალურად ჩატარდა არჩევნები. ვფიქრობ, სამომავლოდ გასათვალისწინებელი იქნება. ე.ი. ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელია, რომ ამ რეფორმირებული ტექნოლოგიით ჩატარდეს არჩევნები და ეს ძალიან ყურადსაღებია. რა თქმა უნდა, ლევანს მივულოცავ. მიმაჩნია, ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთა. ზოგადად, ყოველთვის ხალხი ითხოვს ცვლილებას, მოქმედებას. ტრაგიკული არაფერი არ არის, თავმჯდომარეები იცვლებიან. იმედი მაქვს, უფრო მოქმედი თავმჯდომარე იქნება. თუ არ იქნება მოქმედი თავმჯდომარე, ზუსტად ისევე მოექცევა მას ამომრჩეველი. „ნაციონალურ მოძრაობასთან“, პარტიასთან, მის ამომრჩეველთან ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, განსაკუთრებით, 2018 წლიდან. მგონი, თავად მოქმედი თავმჯდომარე ვინც იყო ამ დრომდე, ნიკა მელიასთვისაც კარგია, რაც მოხდა. ჯერ ახალგაზრდაა, კიდევ დიდი გზა აქვს და სამომავლოდ ეცოდინება, რომ რაღაცები უნდა გაითვალისწინოს. ეს ყველაფერი  სასწავლებლად ძალიან კარგა. ამომრჩეველი არასოდეს არ გპატიობს რაღაც მთავარს. ის მთავარი არის უმოქმედობა. ეს უთუოდ იყო, ამას ვერავინ უარყოფს და ხალხმა მოინდომა ცვლილება, რაც ძალიან ნორმალურია. ვფიქრობ, სწორი არჩევანი გაკეთდა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ამასთან, თაკო ჩარკვიანის თქმით, არ ჰგონია, რომ თავმჯდომარის შეცვლის გამო ვინმემ პარტია დატოვოს.

„ზოგადად, ძალიან გონიერი და კარგი ამომრჩეველი ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ და არ მგონია, თავმჯდომარის შეცვლის გამო პარტია დატოვონ. ისე, ვისაც როგორ უნდა, ისე მოიქცეს. პარტია არის ძალიან დიდი გამოცდის წინაშე, რადგან მათი დამფუძნებელი, ლიდერი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მომაკვდავი არის ციხეში. რა გადინება, გამოდინებაზეა საუბარი. ეს ყველაფერი იმიტომ გაკეთდა, რომ ბრძოლა დაიწყოს, რათა ხელისუფლებამ იგრძნოს, ოპოზიცია არსებობს. პოლიტიკაში იმიტომ შემოვედი 2018 წელს, რომ ვნახე, დასავლური ვექტორის პარტია სუსტდებოდა და ასე იყო მონაცემით. ახლაც ხომ ნახეთ, ამხელა პროცენტებიდან ჩამოვარდა რვა პროცენტზე და როცა რუსეთთან დაპირისპირებაშია ქვეყანა, მსხვილი ოპოზიციური პარტია, დასავლური ვექტორი არ უნდა იყოს სუსტი. ამიტომ ხალხმა მოითხოვა, ცოტა მოძლიერდეს და მოძლიერდება მხოლოდ მოქმედებით. მოქმედება ქვების სროლას არ ნიშნავს და რაღაც ისეთს. მოქმედება ნიშნავს, იგრძნოს ხელისუფლებამ, რომ პრინციპული ოპოზიცია ჰყავს. თუ ეს არ იგრძნო, ჩათვალეთ, ხელისუფლება აღვირახსნილობას გააგრძელებს“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას თაკო ჩარკვიანმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც გააკეთა კომენტარი.

„აქამდე თუ ვამბობდი, რომ უმძიმეს მდგომარეობაშია, ახლა თამამად, ოფიციალურად, დოკუმენტით შეიძლება ვთქვათ, გაფორმდა, რომ ის არის მოწამლული. მის სხეულში არის მძიმე მეტალები. როცა ადამიანი იწამლება, ღვიძლი კი არ იწამლება მხოლოდ, ტვინიც იწამლება. მომაკვდავია – ამას ჰქვია ტერმინოლოგიით წამება. წამებით კლავენ საქართველოს პრეზიდენტს, რა უფლება გვაქვს, ვინმემ რაიმე განვსაჯოთ, ფსიქოლოგს რა უფლება აქვს, რაიმე ილაპარაკოს მომაკვდავ პაციენტზე. პაციენტია, ხალხო, კვდება და კაცს ვერ ვათავისუფლებთ, თავი ეჭრება ქვეყანას და ახლა რომელ ძალადობაზეა ლაპარაკი, მოწამლულმა კაცმა ვისზე რა უნდა ილაპარაკოს. სულ რომ რაღაც სხვას ფიქრობდეს ვიღაც დილეტანტი პოლიტიკოსი „ქართული ოცნებიდან“, სახელმწიფოებრივად იმდენად კატასტროფაა ასე მოპყრობა, რომ ეს ადამიანი უნდა გადაიყვანონ რომელიმე დასავლურ კლინიკაში“, – განაცხადა ჩარკვიანმა.