თაკო ჩარკვიანი - გრიგოლ ვაშაძეს პირველივე დღიდან სხვა პოზიცია ჰქონდა, განსხვავებით ზოგიერთი „ცრუპენტელასგან”, გულზე მჯიღს რომ ირტყამდა, შენი მანდატი არ მჭირდება, ივანიშვილოო
თაკო ჩარკვიანი - გრიგოლ ვაშაძეს პირველივე დღიდან სხვა პოზიცია ჰქონდა, განსხვავებით ზოგიერთი „ცრუპენტელასგან”, გულზე მჯიღს რომ ირტყამდა, შენი მანდატი არ მჭირდება, ივანიშვილოო

„კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალური ქსელით ეხმაურება გრიგოლ ვაშაძის მიერ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას.

„გრიგოლ ვაშაძემ ნაცმოძრაობა დატოვა, მიზეზად არჩეული ტაქტიკა დაასახელა! ეს არის გრიგოლ ვაშაძის პოზიცია და უფლება!

არ არის სწორი მისი ლანძღვა, (განსაკუთრებით ამ პარტიის, ზოგიერთი წევრის და მომხრისგან). ის გაეცალა პროცესს ეს მისი ნებაა.

პირველივე დღიდან მას სხვა პოზიცია ჰქონდა (გვახსოვს მისი განცხადება, პარლამენტში სავარაუდო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით) განსხვავებით, ზოგიერთი „ცრუპენტელასგან”, გულზე მჯიღს რომ ირტყამდა, „შენი მანდატი არ მჭირდება ივანიშვილოო”.

ასე რომ, განსხვავებული პოზიცია სხვა არის და „ცრუპენტელობა” სხვა. გრიგოლ ვაშაძეს საკუთარი აზრი და ეს პოზიცია აქვს, (არ არის მისი  ლანძღვა სწორი) ის დიპლომატია პროფესიით – ეს მისი არჩევანია!“, – წერს თაკო ჩარკვიანი.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა.

„ვერ შევეგუები, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს და, რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას“, – განაცხადა ვაშაძემ.