თაკო ჩარკვიანი - გამიხარდა, რომ არ წავიდა ჩვენი შესანიშნავი, დასავლელი მეგობარი, არ მიატოვა ჩვენი ქვეყანა, მაშასადამე აქვს იმედი, რომ რაღაცაზე წამოიყვანს ხელისუფლებას
თაკო ჩარკვიანი - გამიხარდა, რომ არ წავიდა ჩვენი შესანიშნავი, დასავლელი მეგობარი, არ მიატოვა ჩვენი ქვეყანა, მაშასადამე აქვს იმედი, რომ რაღაცაზე წამოიყვანს ხელისუფლებას

მომეწონა, რომ კრისტიან დანიელსონი დარჩა საქართველოში, მაშასადამე მას აქვს იმედი, რომ რაღაცაზე წამოიყვანს ხელისუფლებას, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

„მე გამიხარდა, რომ არ წავიდა ჩვენი შესანიშნავი, დასავლელი მეგობარი. მომწონს, რომ არ მიატოვა ჩვენი ქვეყანა. დიდი ინტერესი აქვთ. ერთი რამ მაქვს, განსხვავებით სხვებისგან, ძალიან ცუდი წარმოდგენის ვარ ამ ხელისუფლებაზე და შესაბამისად, დიდ სულელურ ნაბიჯებს ველი მათგან. მაგალითად, არდათმობა. ამდენი ხანი კრიზისში გყავდეს ქვეყანა, შენ კიდევ ბედავდე და თავში აზრად მოგდიოდეს არდათმობა რაიმესი, ეს მხოლოდ სულელსა და უპასუხისმგებლოს შეუძლია. მე მომეწონა, რომ დარჩა, მაშასადამე მას აქვს იმედი, რომ რაღაცაზე წამოიყვანს ხელისუფლებას და ველოდები, რომ იქნებ კომპრომისი, არ დავარქმევ ამას უკან დახევას, შენი ხალხის სასიკეთოდ თუ ნაბიჯს გადადგამ. ეს არის გონივრული საქციელი. კიდევ ერთხელ აქვთ შანსი, მოიქცნენ გონივრულად“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მისივე თქმით, ის, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონკრეტული შეთანხმების გარეშე მიემგზავრება ბრიუსელში, ხელისუფლების პოლიტიკურ ვექტორზე მიუთითებს.

„მე ადრეც ვთქვი, რომ ამ ნაბიჯით ისინი აურს ამბობენ ცივილიზებულ სამყაროსთან ურთიერთობაზე. ჩემი წარმოდგენა მათზე, რომ ისინი არიან აბსოლუტურად რუსეთზე მომუშავე ხელისუფლება დამტკიცდება. ამის წამალი მსოფლიოს არ გამოუგონებია, ერთის გარდა, აღვირახსნილ ხელისუფლებას ყოველთვის ხალხის ტალღისა და პროტესტის ეშინია. ჩვენ, ოპოზიცია ყველაფერზე მივდივართ, ყველანაირ მოლაპარაკებაზე. თუ არაფერზე წამოვიდა ხელისუფლება, დასავლელმა პარტნიორებმა იხილეს ეს უკვე, ტოტალური გამოსვლები დაიწყება საქართველოში“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონს საქართველო 14 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა ის ქვეყნაში რჩება და მოლაპარაკების პროცესს განაგრძობს.

დანიელსონმა შეხვედრები გამართა როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან, თუმცა მოლაპარაკების კონკრეტული შედეგი ჯერ უცნობია.