თაკო ჩარკვიანი - არის ჩვეულებრივი „ჩეპე“, გამოცხადდა სრულიად ოპოზიციური გაერთიანება
„კანონი და სამართალის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ სრულიად ოპოზიციური გაერთიანება გამოცხადდა და 4 აპრილს, აქციაზე კონკრეტული გეგმა გამოცხადდება.
„ეს არის ჩვეულებრივი „ჩეპე“, მიგვანიშნა, რომ სამართლებრივი სისტემა არ არსებობს და ვიღაც ფაშა არის სათავეში. გამოცხადდა სრულიად ოპოზიციური გაერთიანება. დაისახა კონკრეტული გეგმა – ეს გახლავთ, ოთხი აპრილის ოთხი საათი. უპრეცედენტო მზადება მიმდინარეობს რეგიონებში, მუშაობა თავდაუზოგავად. ვისაც რა შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს წარმოუდგენელი მდგომარეობა შეწყდეს საქართველოში.
რუსთაველზე შევთავაზებთ სამომავლო გეგმას, საარჩევნო კონკრეტულ გეგმას, რომ უკვე ვიცოდეთ, რა იქნება, რა ფორმით ვაპირებთ, რომ არ დაუყენონ ჩასაჩეხად კონკურენტები. გაერთიანებაა უპრეცედენტო, ოპოზიცია არ ზრუნავს თავის კვოტაზე, ზრუნავს, რომ ქვეყანას რაღაც ეშველოს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეკრების შემდეგ.
ამასთან, თაკო ჩარკვიანმა კომენტარი გააკეთა გიგი უგულავას დაკავების შემდეგ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზეც და აღნიშნა, რომ სრულიად დასავლური სამყარო დაუდგა ოპოზიციას.
„აქ საუბარი გიგი უგულავაზე კი არ არის, მეორედ შეაბრუნა და ჩვენ, ყველას მიგვანიშნა, მომინდება დილით, ამას გავაკეთებო. ადამიანი გეუბნებათ, რომ სამართალი არ არსებობს და როგორ ვესაუბროთ კანონზე მათ, ეს ხომ წარმოუდგენელია.
თქვენ ნახეთ ამერიკის ელჩის განცხადება, პირდაპირ მიმართა პრაქტიკულად ხელისუფლებას, რომ ეს უდროოდ გააკეთეს. ეს მიანიშნა. ამიტომ, გამომდინარე აქედან შეწყდა დიალოგიო. ანუ, სრულიად დასავლური სამყარო დაუდგა ოპოზიციას კი არა, ხალხს, ქვეყანას“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.