თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ჯერ თავს იკავებს იმ პირების დასახელებისგან, რომლებმაც „პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ გარიგება შესთავაზეს“
„კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ მისი ოჯახის ბიზნესის განვითარებას დაჰპირდნენ.
ჩარკვიანმა საქართველოს პირველ არხთან საუბარში განმარტება გააკეთა დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც თქვა, რომ მასთან ოჯახში იმყოფებოდნენ პირები, რომლებმაც პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ გარიგება შესთავაზეს.
„როდესაც კარგად გაგანადგურებენ, ყველაფერი შენი ნაშრომი, ნაღვაწი, არაკორუფციული, წესიერი ბიზნესი მიწასთან რომ გასწორდება და რომ გეტყვიან, საპირწონედ შედი პარლამენტში, ყველაფერი კარგად გექნება, გამოსწორდება ყველაფერი, ამას ქვია ჩვეულებრივ გარიგება. რა არის აბა, გარიგება და ქრთამი“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
ამასთან, ჩარკვიანი ამბობს, რომ ჯერ თავს შეიკავებს კონკრეტული პირების დასახელებისგან.
„ჯერჯერობით ვიკავებ თავს და არც უმაგისობა იქნება. მაღალჩინოსნებთან დაახლოებული, ძალიან დაახლოებული პირები, მხოლოდ კობახიძე არ არის“, – განაცხადა ჩარკვიანმა.