თაკო ჩარკვიანი - 19 აპრილს რიყეზე იქნება საერთო ოპოზიციური შტაბის წარდგენა
თაკო ჩარკვიანი - 19 აპრილს რიყეზე იქნება საერთო ოპოზიციური შტაბის წარდგენა

მე არ მიმაჩნია, რომ ეს ბოლო დოკუმენტია და ამის იქით საუბარი არ იქნება, აუცილებლად იქნება და ხელისუფლებას მოუწევს დათმობა, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით განაცხადა.

მან დოკუმენტში პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„დოკუმენტში არ არის ის ორი მთავარი პუნქტი, რისთვისაც ოპოზიციამ ეს ყველაფერი გააკეთა, მაგრამ მე არ მიმაჩნია, რომ ეს ბოლო დოკუმენტია და ამის იქით საუბარი არ იქნება. აუცილებლად იქნება და ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს დათმობა იმიტომ, რომ დემოკრატიის გზაზე ასე სიარული არ შეიძლება. დოკუმენტი, სადაც პოლიტპატიმრებსა და ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არ არის, აბა ის რა დოკუმენტია, ეს არის შერჩევითი სამართალი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

პრეზიდენტის მოლაპარაკების პროცესში შესაძლო ჩართვასთან დაკავშირებით ჩარკვიანმა განაცხადა, რომ მას სიტუაციის განსამუხტად მხოლოდ შეწყალების აქტის გამოყენება შეუძლია.

„პრეზიდენტი თუ ჩაერთვება, ეს იქნება მხოლოდ ის, რომ მან გამოიყენოს შეწყალება, მოძებნოს ფორმა, რომ ეს სიტუაცია განმუხტოს. თუ ამ ბერკეტს არ გამოიყენებს, მაშინ რისთვის ერთვება?! ეს არის ერთადერთი, რაც მას შეუძლია, რომ გამოიყენოს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორების გზავნილების უპირველესი ადრესატი ხელისუფლებაა.

„დასავლელმა პარტნიორმა მეტი რა გითხრას. გეუბნება, რომ კლანია სასამართლოში, რომ ოლიგარქიული მმართველობა მძლავრობს. მოდით, ახლა ეს გადმოვიტანოთ ჩვეულებრივად ადაპტირებულ ენაზე – ეს ნიშნავს, რომ კორუმპირებულია სასამართლო, ეს ნიშნავს რომ საკანონმდებლო ორგანო უზურპირებულია ხელისუფლების მიერ. სამართლებრივი რეფორმები თუ არ მოხდა ამ ქვეყანაში, ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებ. ეს არის ჩვენი დანიშნულება, ხალხი ამას გვთხოვს, სადაც მივდივართ. შესვლა/არ შესვლაზე კი არ გველაპარაკებიან, გვეუბნებიან, რომ შეცვალეთ რამე ამ ქვეყანაში.

ნებისმიერ პერიოდში უპირველესი პასუხისმგებლობა საჭეთმპყრობელზეა, ეს გახლავთ ხელისუფლება. ოპოზიცია არ იხსნის პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობა რომ გვაქვს იმ მანდატის წინაშე, რომელიც ხალხს უნდა მოხმარდეს, ამიტომ გამოვაცხადეთ ეს ბოიკოტი, აბა სხვა მიზანი არ გვქონია“, –  განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

რაც შეეხება ოპოზიციის გეგმებს, ჩარკვიანის თქმით, 19 აპრილს ოპოზიციური პარტიები რიყეზე შეიკრიბებიან და 15 მაისის აქციასთან დაკავშირებით გეგმას გააჟღერებენ.

„19 აპრილს, 15:00 საათზე რიყეზე იქნება არა ის დიდი აქცია, არამედ უფრო საერთო შტაბის წარდგენა. თითოეული პარტია ალბათ 15-15 ადამიანს წარმოვადგენთ. განცხადებას გავაკეთებთ, რომ ერთგვარი პრელუდია, შესავალი იყოს, რათა ადამიანებს გავაგებინოთ 15 მაისის გეგმის შესახებ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.ა