ტაივანში დღეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმართება
ტაივანში დღეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმართება

ტაივანში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმართება. საკუთარ არჩევანს დღეს 19 მილიონზე მეტი ტაივანელი ამომრჩეველი გააკეთებს.

საარჩევნო მარათონის ფავორიტი „დემოკრატიული პროგრესული პარტიის“ კანდიდატი უილიამ ლაია. ლაი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩევლებს მოუწოდებდა, სწორი მხარე აირჩიონ, რათა ტაივანმა სუვერენიტეტი შეინარჩუნოს. ამასთან ერთად, ლაი აცხადებს, რომ ჩინეთთან დაპირისპირება არ სურს.

ლაის მთავარი კონკურენტი ჰოუ იუია, რომელიც ტაივანში სიდიდით მეორე პარტიის კანდიდატი და ტაიბეის ყოფილი მერია. ის აცხადებს, რომ დემოკრატიული პროგრესული პარტიის კანდიდატი ლაი ტიავნის ჩინეთთან ურთიერთობებს საფრთხეს უქმნის.

საპრეზიდენტო არჩევნებში ასევე მონაწილეობს ტაივანის სახალხო პარტიის კანდიდატი კე ვენჩჟე, რომელიც ახალგაზრდა ამომრჩევლებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. საარჩევნო კამპანიის დროს ის „დემოკრატიულ პროგრესულ პარტიას“ „ომის პარტიას“ უწოდებდა.

სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ ტაივანის მოქალაქეთა დიდი ნაწილი კუნძულის სტატუს კვოს შენარჩუნების მომხრეა. ეს ნიშნავს, რომ ტაივანმა არც დამოუკიდებლობა უნდა გამოაცხადოს და არც ჩინეთს შეუერთდეს.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ტაივანელები 113 დეპუტატს აირჩევენ. სულ არჩევნებში 16 პარტია მონაწილეობს.

დღევანდელ არჩევნებზე ჩინეთის ფაქტორი გადამწყვეტია. პეკინი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. ჩინეთში აცხადებენ, რომ თუ ტაივანი ფორმალური დამოუკიდებლობის შესახებ დაიწყებს საუბარს, მაშინ პეკინი ზომებს მიიღებს.