ტაივანში ჩინეთისგან გამოყოფის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით, მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა. დედაქალაქ ტაიბეის ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა.
აქტივისტების განცხადებით, ტაივანის ხელისუფლებამ კუნძულისთვის დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად რეფერენდუმის ჩატარება უნდა უზრუნველყოს.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ დემონსტრაციაზე შეკრებილმა აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ტაივანელებს ჩინეთის მხრიდან სისტემატური დაშინებისა და ძალადობის ფონზე უწევთ ცხოვრება. სწორედ ამიტომ, დემონსტრანტებმა რეფერენდუმი კუნძულისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად შეაფასეს.
ჩინეთი ტაივანს საკუთარ პროვინციად მიიჩნევს და ძალაუფლების განმტკიცების მიზნით, ძალებს არ იშურებს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ოფიციალურმა პეკინმა ტაივანის სიახლოვეს სამხედრო საზღვაო და საჰაერო სწავლებების რაოდენობა გააორმაგა.