ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრო – ჩინეთის კომუნისტურ პარტიას არ აქვს უფლება, წარმოადგენდეს ტაივანელ ხალხს, ტაივანის მომავლის განსაზღვრა მხოლოდ ტაივანელებს შეუძლიათ 

11:15, 25.09.2026

ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მხოლოდ ტაივანელ ხალხს შეუძლია საკუთარი მომავლის გადაწყვეტა.

განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც თეთრ სახლში ვიზიტის დროს ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა თქვა, რომ პეკინის პოზიცია ეროვნული გაერთიანებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში ნათელია. სი ძინპინმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ ტაივანის საკითხზე სწორ პოზიციას დაიცავს.

„სი-ს განცხადებები წარმოადგენს ჩინეთის თანმიმდევრულ მიდგომას, რომელიც გულისხმობს ფაქტების დამახინჯებას, საკუთარი პოზიციისა და პრეტენზიების ცალმხრივად გადმოცემას. ტაივანის სუვერენიტეტი ტაივანის ხალხს ეკუთვნის. ჩინეთის კომუნისტურ პარტიას არ აქვს უფლება, წარმოადგენდეს ტაივანელ ხალხს და ტაივანის მომავალს. ტაივანის მომავლის განსაზღვრა მხოლოდ ტაივანელ ხალხს შეუძლია დემოკრატიული გზებით“, – ნათქვამია ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, მათივე განცხადებით, ჩინეთი რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ნამდვილი დამრღვევია.

„ტაივანი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას შეერთებულ შტატებთან და სხვა მსგავსი შეხედულებების მქონე პარტნიორებთან, რათა ერთობლივად დაიცვან მშვიდობა და სტაბილურობა ტაივანის სრუტეში“, – ნათქვამია ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი