ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ტაივანზე ჩინეთის კონტროლის დამყარება სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს მთელი მსოფლიოსთვის, ვაშინგტონიდან ტოკიომდე
ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ტაივანზე ჩინეთის კონტროლის დამყარება სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს მთელი მსოფლიოსთვის, ვაშინგტონიდან ტოკიომდე

ტაივანზე ჩინეთის კონტროლის დამყარება სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს მთელი მსოფლიოსთვის – ვაშინგტონიდან ტოკიომდე, – ამის შესახებ ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვუ ჩიჰ-ჩუნგმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩინეთი ტაივანს თუ დაესხმება თავს, დაზარალდებიან საფრანგეთი, ევროპა, აშშ და იაპონია. ტაივანი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება, მაგრამ თქვენც ასევე დაზარალდებით“, – განაცხადა ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ვუ ჩიჰ-ჩუნგი არ დაეთანხმა პეკინის განცხადებას, რომ ტაივანი 1949 წელს ჩინეთის სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ ჩინეთის განუყოფელი ნაწილია. მისივე თქმით, ტაივანის ისტორია გაცილებით მრავალფეროვანია, ვიდრე მტკიცება, რომ ის ყოველთვის ჩინეთის ნაწილი იყო. ვუ ჩიჰ-ჩუნგის განცხადებით, სხვადასხვა პერიოდში კუნძულს მართავდნენ ჰოლანდიელები, ესპანელები, ცინის იმპერია და იაპონია.

როგორც ვუ ჩიჰ-ჩუნგმა აღნიშნა, ცინის დინასტია ტაივანის ნაწილს 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდა, თუმცა მხოლოდ 1885-1894 წლებში მიანიჭა მას განსაკუთრებული მნიშვნელობა და პროვინციის სტატუსი. ვუს აზრით, ეს ფაქტი ეჭვქვეშ აყენებს ჩინეთის დღევანდელ პრეტენზიებს უწყვეტ სუვერენიტეტზე.

„ჩინეთი ერთადერთი ქვეყანა არ ყოფილა, რომელიც აქ იყო წარმოდგენილი“, – განაცხადა ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

„ამჟამად იწერება ტაივანის საკუთარი ისტორია და ღრმად მწამს ტაივანელების გამძლეობის“, – განაცხადა ვუ ჩიჰ-ჩუნგმა.

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ყოველწლიურად 60 000-ზე მეტი საკონტეინერო გემი გადის ტაივანის სრუტეში.

მისივე შეფასებით, ეს სამჯერ მეტია, ვიდრე პანამისა და სუეცის არხების გავლით გადაადგილებული ტვირთების მოცულობა.

„წარმოიდგინეთ, რა ზიანი მიადგება მსოფლიოს ინტერესებს, თუ ჩინეთი ტაივანს დაესხმება თავს ან მის გარშემო ბლოკადას დააწესებს“, – განაცხადა ვუ ჩიჰ-ჩუნგმა.

მისი თქმით, რეგიონული სტაბილურობა „გლობალური პასუხისმგებლობაა“, თუმცა ტაივანი არ ელოდება, რომ ევროპა მის ნაცვლად იომებს.

„როდესაც ქორწინდებით, მეუღლეს არ ეკითხებით, მზად არის თუ არა თქვენთვის მოკვდეს. თქვენ უბრალოდ აშენებთ ურთიერთობას, თანამშრომლობთ და დროთა განმავლობაში ბუნებრივი ძალა ჩნდება“, – განაცხადა ვუ ჩიჰ-ჩუნგმა.

მისივე აზრით, ევროპელები თანდათან აცნობიერებენ, რომ ჩინეთმა არ უნდა განსაზღვროს, ვისთან დაამყარებენ სხვა ქვეყნები ურთიერთობას.

„ევროპას აქვს უფლება, თავად აირჩიოს მეგობრები. მეგობრობის არჩევა სულაც არ ნიშნავს ოფიციალურ დიპლომატიურ ურთიერთობებს“, – განაცხადა ვუ ჩიჰ-ჩუნგმა.

მისივე თქმით, ჩინეთი მუდმივად ცდილობს ტაივანისა და ევროპის დაახლოების დაბრკოლებას.

„ჩინეთი ყველაფერს აკეთებს, რათა დაგვაბრკოლოს“, – განაცხადა ვუ ჩიჰ-ჩუნგმა.