ტაივანის პრეზიდენტი - მოვუწოდებ ჩინეთს, შეწყვიტოს ტაივანის პოლიტიკური, სამხედრო დაშინება, აიღოს გლობალური პასუხისმგებლობა ტაივანთან ერთად, რათა იმუშაოს რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად
ტაივანის პრეზიდენტი - მოვუწოდებ ჩინეთს, შეწყვიტოს ტაივანის პოლიტიკური, სამხედრო დაშინება, აიღოს გლობალური პასუხისმგებლობა ტაივანთან ერთად, რათა იმუშაოს რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად

ტაივანში ახალი პრეზიდენტის, ლაი ცინ-დეს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა.

საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას, ლაი ცინ-დემ ჩინეთს მოუწოდა, შეწყვიტოს სამხედრო და პოლიტიკური მუქარები. ტაივანის ახალი პრეზიდენტის თქმით, მშვიდობა არის ერთადერთი არჩევანი და პეკინმა პატივი უნდა სცეს ტაივანელი ხალხის არჩევანს.

საპრეზიდენტო სასახლის წინ სიტყვით გამოსვლისას ლაი ცინ-დე ჩინეთთან მოლაპარაკებების მოწოდებით კიდევ ერთხელ გამოვიდა.

„ასევე, მინდა, მოვუწოდო ჩინეთს, შეწყვიტოს ტაივანის პოლიტიკური და სამხედრო დაშინება, აიღოს გლობალური პასუხისმგებლობა ტაივანთან ერთად, რათა იმუშაოს მშვიდობის, სტაბილურობის შესანარჩუნებლად ტაივანის სრუტესა და რეგიონში, უზრუნველყოს, მსოფლიოში არ არსებობდეს ომის გაჩაღების საფრთხე. ჩვენ ასევე გვსურს, განვუცხადოთ მსოფლიოს: ტაივანი არ მიდის დათმობებზე დემოკრატიისა და თავისუფლების საკითხში. მშვიდობა ერთადერთი არჩევანია და კეთილდღეობა არის ჩვენი მიზანი გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობისთვის“, – განაცხადა ლაიმ.

ამასთან, როგორც ტაივანის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ხალხი უნდა იყოს რეალისტური საფრთხესთან დაკავშირებით და ტაივანმა უნდა აჩვენოს სიმტკიცე, დაიცვას საკუთარი თავი.

„ძვირფასო მოქალაქეებო, ჩვენ გვაქვს იდეალი, მივდიოთ მშვიდობას, თუმცა არ უნდა ვიყოთ ილუზიებში. ვიდრე ჩინეთი არ იტყვის უარს ტაივანში შეჭრისთვის ძალის გამოყენებაზე, მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ ეს: იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ჩინეთის ყველა მოთხოვნას მივიღებთ და დავთმობთ ჩვენს სუვერენიტეტს, ჩინეთის ამბიცია, მოახდინოს ტაივანის ანექსირება, არ გაქრება“, – განაცხადა ლაიმ.

ლაიმ, რომელიც წინა პრეზიდენტის დროს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, იანვარში ჩატარებულ არჩევნებში გაიმარჯვა. ჩინეთის ხელისუფლება, რომელიც ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, მას „სეპარატისტად“ მოიხსენიებს.