ტაისონ ფიურიმ უკრაინისთვის ბრძოლა არ გამორიცხა #1TVSPORT
ტაისონ ფიურიმ უკრაინისთვის ბრძოლა არ გამორიცხა #1TVSPORT

სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა ტაისონ ფიურიმ აღფრთოვანება გამოხატა უკრაინელი მოკრივეების ალექსანდრ უსიკისა და ვასილი ლომაჩენკოს სიმამაცით, რომლებიც უკრაინის დამცველთა რიგებში ჩაეწერნენ.

„ეს ფანტასტიკაა. მე ვიქნები პირველი, ვინც მათ შეუერთდება, თუ ინგლისი ან ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერთვებიან ომში. მამაჩემიც და ყველა ჩვენთაგანი მოხალისეებად ჩავეწერებით.

თუ თქვენ უკრაინელი ხართ და იქ ცხოვრობთ – დაიცავით ის, იბრძოლეთ თქვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ფიურიმ.

ბრიტანელმა ასევე თქვა, რომ ბრძოლა დილიან უაიტის წინააღმდეგ მისთვის ბოლო იქნება კარიერაში.

„ეს დასკვნითი ბრძოლაა კარიერაში, ამის შემდეგ მივდივარ.

150 მილიონი დოლარი ბანკში, ჯანმრთელი და ახალგაზრდა. ვიყიდი დიდ იახტას. ეს ჩემი ბოლო ბრძოლაა. საკმარისია“, – ამბობს ბრიტანელი მოკრივე.

ფიურისა და უაიტის ბრძოლა 23 აპრილს გაიმართება.