„თაიმს ოფ ისრაელი“ - ისრაელი ერთ-ერთ დასახლებას დონალდ ტრამპის სახელს დაარქმევს
ისრაელი ერთ-ერთ დასახლებას დონალდ ტრამპის სახელს დაარქმევს. ამის შესახებ განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკეთა. ეს გადაწყვეტილება ისრაელის ხელისუფლებამ ტრამპის დაბადების დღეს დაამთხვია.
როგორც „თაიმს ოფ ისრაელი“ იუწყება, დასახლება გოლანის მაღლობების ტერიტორიაზე მდებარეობს და მას „ტრამპის მაღლობებს“ დაარქმევენ.
გოლანის მაღლობებზე დასახლებისთვის ტრამპის სახელის დარქმევა ჯერ კიდევ 2019 წლის აპრილში გადაწყდა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა.
გოლანის მაღლობები ისრაელის არმიამ 1967 წლის ექვსდღიანი ომის დროს დაიკავა. 1981 წელს ქნესეთში ამ ტერიტორიის ანექსიის გადაწყვეტილება მიიღეს.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით, გოლანის მაღლობები ამ დრომდე ოკუპირებულ ტერიტორიად ითვლება. ისრაელსა და სირიას შორის აღნიშნულ ტერიტორიებთან დაკავშირებით დავის მოგვარების არაერთი მცდელობა 1990-იან წლებში უშედეგოდ დასრულდა.