„თაიმი“ - რა ვიცით ნატო-ს 2019 წლის სამიტის შესახებ
„თაიმი“ - რა ვიცით ნატო-ს 2019 წლის სამიტის შესახებ

დღეს ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები ლონდონში შეიკრიბებიან. დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი დასავლური სამყაროს სამხედრო თანამშრომობა იქნება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ნატო-ს დაფუძნებიდან 70 წლის შემდეგ, სამხედრო ალიანსის მომავალი ბუნდოვანია.

ნატო-ს ლიდერების დაგეგმილი შეხვედრის შესახებ სტატიას გამოცემა „თაიმი“ ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ნატო აშშ-მა და ევროპულმა სახელმწიფოებმა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დააფუძნეს და ის საბჭოთა კავშირისგან სამხედრო თავდაცვის მთავარ მექანიზმს წარმოადგენდა. ნატო-ს წევრებმა პირობა დადეს, რომ ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა ყველა მოკავშირეზე თავდასხმის ტოლფასი იქნება. შესაბამისად, აგრესორს ყველა ერთად გაუწევს წინააღმდეგობას.

თუმცა, 2019 წელს მსოფლიო განსხვავებულია. ნატო ცვალებად სამყაროსთან ადაპტაციას ძალიან ნელი ტემპით ახდენდა. ლიდერებმა, რომლებიც ლონდონში იკრიბებიან, ეს იციან. ალიანსი ჩაფიქრებული იყო რუსეთის სამხედრო ძალისგან დასაცავად, მაგრამ ჩინეთის გაძლიერებამ ბალანსი დაარღვია. ნატო-ს მიზანი იყო სამხედრო თანამშრომლობა და კოორდინაცია, თუმცა პრეზიდენტი ტრამპი ხშირად იქცეოდა ცალმხრივად – მაგალითად ოქტომბერში გაიყვანა ამერიკული ძალები სირიიდან, ისე რომ ნატო-ს სხვა მოკავშირეებთან კონსულტაციები არ გაუმართავს. „ჩვენ ახლა ნატო-ს ტვინის სიკვდილს ვადევნებთ თვალს“, – ეს განცხადება კი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ეკუთვნის. „ეკონომისტთან“ ინტერვიუში მან თქვა, რომ „სტრატეგიულად და პოლიტიკურად, ნატო-მ უნდა აღიაროს, რომ პრობლემები აქვს“.

ასე რომ, ნატოს 70-ე დაბადების დღის აღნიშვნისა და ბანკეტის პარალელურად, ლიდერები იმსჯელებენ, თუ როგორ უნდა გაძლოს ალიანსმა კიდევ ერთი ათწლეული.

ნატო-ს 2019 წლის სამიტი 3-4 დეკემბერს ლონდონის შემოგარენში – ვეტფორდში, სასტუმრო „გროუ ჰოტელში“ გაიმართება.

შეხვედრას დაესწრებიან ნატო-ს 29 წევრი ქვეყნის მეთაურები. მათ შორის იქნება საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

სამიტის მონაწილეებს 3 დეკემბერს ოფიციალურ სადილზე გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე უმასპინძლებს.

დღის წესრიგი

დღის წესრიგში მთავარი საკითხი იქნება ის, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა დაახასიათა „ტვინის კვდომად“. მაკრონის ეს განცხადება სინამდვილეში აშშ-ის შეფარული კრიტიკა იყო. აშშ-ი კი, როგორც მოგეხსენებათ, 1949 წლიდან მოყოლებული უზრუნველყოფს ნატო-ს სიძლიერეს. დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ნატო-ს ანგარიშზე საკმარისზე მეტ თანხას რიცხავს. მან ისიც თქვა, რომ მზად არის, გავიდეს ალიანსიდან, თუ სხვა მოკავშირეები მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტს თავდაცვაზე არ დახარჯავენ.

ოქტომბერში ტრამპმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან გაიყვანა აშშ-ის სამხედროები, რამაც თურქეთის სირიაში შეჭრასა და ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ ოპერაციის ჩატარებას გაუხსნა გზა. ქურთები კი აშშ-ის მოკავშირეები იყვნენ „დაეშთან“ ბრძოლაში, თუმცა თურქები მათ მტრებად მიიჩნევენ. ტრამპის ამ ნაბიჯმა გააბრაზა მაკრონი, რადგან აშშ-ის პრეზიდენტმა სირიიდან ჯარის გაყვანის გადაწყვეტილების შესახებ ნატო-ს სხვა მოკავშირეებს არ შეატყობინა.

საფრანგეთის ლიდერმა მკაფიოდ გამოხატა უკმაყოფილება ცალმხრივი ნაბიჯების გამო. მაკრონი შეეცდება, დაარწმუნოს ტრამპი, რომ აშშ-მა უნდა იმოქმედოს დასავლური ინტერესების გათვალისწინებით და არა პრინციპით – „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“.

„აშშ-ისა და ნატო-ს მოკავშირეებს შორის კოორდინაცია არ არის. სტრატეგიული გადაწყვეტილების ერთობლივად მიღება არ ხდება“, – უთხრა მაკრონმა „ეკონომისტს“ ლონდონის სამიტის წინ. „ჩვენ ვხედავთ ნატო-ს კიდევ ერთი მოკავშირის, კერძოდ თურქეთის არაკოორდინირებულ, აგრესიულ ქმედებებს. ეს ხდება იმ რეგიონში, სადაც ფსონზე ჩვენი ინტერესები დევს“, – ამბობს საფრანგეთის ლიდერი.

ამასთან, მაკრონმა ისიც იცის, რომ ტრამპის გადარწმუნება რთული იქნება. „როდესაც ტრამპი საკუთარი ამომრჩევლების წინაშე დადებული პირობის შესრულებას იწყებს, მისი გადარწმუნება შეუძლებელია“, – უთხრა მაკრონმა „თაიმს“.

რას უნდა ველოდოთ კიდევ?

მაკრონის ცნობილი ინტერვიუს შემდეგ, ლონდონში ნატო-ს ლიდერები ალიანსის გადარჩენის გეგმას განიხილავენ.

„ვიტყოდი, რომ ჩვენ ხელახლა უნდა შევაფასოთ ნატო-ს როლი არსებულ რეალობაში და აუცილებლად გავითვალისწინოთ აშშ-ის მიერ აღებული ვალდებულებაც“, – ამბობს ემანუელ მაკრონი.

ოფიციალური პირები, მათ შორის, ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი მზად არიან, მაკრონის კრიტიკის საპასუხოდ, დისკუსია გაიმართოს. მაგრამ პროცესი შეიძლება, გაჭიანურდეს. ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება „ექსპერტების ჯგუფის“ შექმნა, რომელიც მაკრონის კრიტიკაზე პასუხს შეიმუშავებს. მაგრამ ისინი დასკვნას აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებამდე არ გამოაქვეყნებენ.

სამხედრო ხარჯები

ნატო-ს უკანასკნელ სამიტზე, 2018 წლის ივლისში, დისკუსიის დროს მოკავშირეებს შორის სადავო საკითხად იქცა თავდაცვის ხარჯები. პრეზიდენტმა ტრამპმა გააკრიტიკა გერმანია, რომ ის საკმარის თანხას არ გამოყოფს თავდაცვის სფეროს დასაფინანსებლად. ზოგიერთი ცნობებით, ტრამპი ნატო-დან გასვლითაც კი დაიმუქრა, თუ მოკავშირეები თავდაცვაში მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტს არ გადაიხდიან.

ლონდონში ტრამპის დღის წესრიგში მთავარი საკითხი კვლავ თავდაცვის ხარჯები იქნება.

არჩევნები დიდ ბრიტანეთში

12 დეკემბერს, ლონდონის სამიტიდან ერთ კვირაში, ბრიტანელები საარჩევნო ყუთებთან მივლენ და გადაწყვეტენ, დარჩება თუ არა ბორის ჯონსონი პრემიერ-მინისტრად.

პრეზიდენტ ტრამპს ბორის ჯონსონთან ახლო ურთიერთობა აკავშირებს. ამას პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად იყენებენ ლეიბორისტები, რომლებიც ამბობენ, რომ ჯონსონი ბრიტანეთის ჯანდაცვის სერვისების სისტემას აშშ-ის მიჰყიდის.

კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე დიდ ბრიტანეთში ტრამპის ჩასვლა შესაძლოა, მოულოდნელი შედეგით დასრულდეს. პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მისი განცხადებებით ბრიტანეთის პოლიტიკაზე ზეგავლენა შეუძლია. გაერთიანებულ სამეფოში უკანასკნელი ვიზიტის დროს ტრამპმა თქვა, რომ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის გასხვისება ბრექსიტის შემდეგ ლონდონსა და ვაშინგტონს შორის სავაჭრო შეთანხმებაზე მსჯელობისას განხილვის საგანი უნდა გახდეს. როგორც ცნობილია, ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახური მოქალაქეების გადასახადებით ფინანსდება და ბრიტანელებს სამედიცინო მომსახურებას უფასოდ სთავაზობს. ეს ინსტიტუტი ბრიტანელებს ძალიან უყვართ.

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის გასხვისება არ განიხილება, თუმცა, ახლა ლეიბორისტებმა მოიპოვეს დოკუმენტები, რომ აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს ოფიციალური პირები ამ თემაზე მაინც საუბრობენ.

ჩინეთის აღზევება

მიუხედავად მაკრონის ხისტი განცხადებებისა, ნატო-ს ოფიციალური პირები ლონდონში დაგეგმილი შეხვედრის მიმართ ოპტიმიზმით არიან განწყობილები და იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკებების დროს ალიანსის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის საკითხზე პროგრესის მიღწევა შესაძლებელი იქნება. ეს საკითხი კი ჩინეთის აღზევებაა, რომლიც სამხედრო ტექნოლოგიებში დიდ ინვესტიციებს აბანდებს.

„ჩვენ იმედი გვაქვს და დარწმუნებულები ვართ, რომ ყოვლისმომცველი საგზაო რუკის შექმნა მოხერხდება, რაც აუცილებელია ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში“, – განაცხადა „თაიმთან“ ინტერვიუში აშშ-ის საელჩოს თავდაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა, ედვარდ ფერგიუსონმა. „ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ჩინეთი და ასევე რუსეთი. ორივე ალიანსისთვის გამოწვევას წარმოადგენს. ნატო-მ უნდა გაითავისოს და უპასუხოს რუსეთის ახალი შეიარაღების საფრთხეს. ასევე, უნდა მოვახდინოთ ადაპტაცია იმ უახლეს ტექნოლოგიებთან, რომელშიც ჩინეთს ლიდერობა სურს. მათ შორის არის ხელოვნური ინტელექტი, კვანტური კომპიუტერები და ა.შ.“, – განაცხადა ედვარდსმა.

დასახელებული ტექნოლოგიებიდან ერთ-ერთია მობილური ინეტრნეტკავშირის მეხუთე თაობა (5G). ამ სფეროში ჩინური კომპანიები და მათ შორის „ჰუავეი“ დომინირებს. როგორც ვარაუდობენ, ნატო-ს ლიდერები შეთანხმდებიან სატელეკომუნიკაციო კომპანიების მიმართ დასაწესებელ ახალ მოთხოვნებზე. უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები აცხადებენ, რომ თუ სატელეკომუნიკაციო ქსელებს „ჰუავეი“ მოაწყობს, მაშინ ჩინეთი დასავლური სამხედრო ტექნოლოგიების მოპარვას შეძლებს.

ნატო კოსმოსში

ახალი ეპოქა კოსმოსში – აგვისტოში, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის კოსმოსური ძალებს შექმნის, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთისა და ჩინეთისგან მომავალ საფრთხეებს დედამიწის ორბიტაზე.

ნატო-ს ლიდერების შეხვედრის წინ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ აშშ-ის მსგავსად მოიქცევა და კოსმოსს ალიანსის ოპერაციულ სფეროდ გამოაცხადებს. ეს მოკავშირეებს კოსმოსური თავდაცვის კოორდინაციის საშუალებას მისცემს. „ნატო კოსმოსში იარაღის განთავსებას არ აპირებს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო კოსმოსს ოპერაციულ სფეროდ ოფიციალურად სწორედ ლონდონში გამოაცხადებს.