ტაიმაუტის ექსკლუზივი | ვასილ ლობჟანიძე - ამ მსოფლიო თასზე ნაჩვენები შედეგის მიუხედავად, ქართული რაგბი ვითარდება #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ასპარეზობა დაასრულა. „ბორჯღალოსნებმა“ ბოლო მატჩი უელსთან წააგეს, საერთო ჯამში კი, საფრანგეთში ერთი შეხვედრა ფრედ ითამაშეს და სამში დამარცხდნენ.
უელსთან მატჩის შემდეგ „ტაიმაუტი“ საფრანგეთში საქართველოს ნაკრების წევრს, ვასილ ლობჟანიძეს ესაუბრა:
„ძალიან რთულია ამ თამაშის შეფასება. გვქონდა გარკვეული შეცდომები, რომელთაც მაღალი დონის გუნდები არ პატიობენ. სწორედ ამ შეცდომების გამო დავისაჯეთ.
ბოლოს სხვაობა ხუთ ქულამდე შევამცირეთ, ჩვენი თამაში ვიპოვეთ, მაგრამ შემდეგ ისევ შეცდომები დავუშვით და მეტოქე გაიქცა, ჩვენ კი მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა ვერ შევძელით.
ტრავმებმა შედეგზე გავლენა იქონია. მატჩის ბოლოსაც ტაბუცაძეს ფეხი ძალიან ტკიოდა, პრაქტიკულად ვერ დადიოდა.
იყო წაგებები, თუმცა ასეთი ამბიცია არცერთ მსოფლიო თასზე არ გვქონია. თითოეული შეხვედრის მოსაგებად ვთამაშობდით. ვფიქრობ, შედეგის მიუხედავად, ქართული რაგბი ვითარდება“.