ტაიმაუტის ექსკლუზივი | ლაშა ტალახაძე - ყოველთვის ვცდილობ, ჩემი გამარჯვებები რეკორდებით გავალამაზო #1TVSPORT

პირველი არხის გადაცემა „ოლიმპიურ ტაიმაუტში“ ტოკიოდან ჩაერთო ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე. შეგახსენებთ, რომ მან ატაცში, აკვრასა და ორჭიდში მსოფლიოს რეკორდები გააუმჯობესა. ეს, ერთი შეხედვით, მსუბუქად გააკეთა, რეალურად…

„შტანგასთან მისვლა, აწევა და გამარჯვება ადვილი ნამდვილად არ არის. თვეობით ვშრომობთ წარმატებისთვის. მიხარია, რომ ტოკიო 2020-ზე გამოსვლა კარგად დავაგვირგვინე – მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდები გავაუმჯობესე.

ძალიან კარგად იმუშავეს ჩვენმა მწვრთნელებმა. ეს წარმატება გიორგი ასანიძის და ჩემი პირადი მწვრთნელის ავთანდილ გახოკიძის დამსახურებაა.

სპორტის ამ სახეობას ბევრი ტრავმა ახლავს, მეც მცირე ტრავმები მაქვს, მაგრამ სერიოზული არაფერი. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს სამედიცინო ჯგუფს ზურაბ კახაბრიშვილის ხელმძღვანელობით. მადლობა თითოეულ თქვენგანს გულშემატკივრობისთვის.“

ლაშა ტალახაძემ ოლიმპიადაზე ორჭიდის ჯამში 488 კგ დაძლია, 47 კილოგრამით მეტი, ვიდრე მეორეადგილოსანმა ირნელმა ალი დავოუდიმ.

„ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორებმა მაღალი შედეგები ვერ უჩვენეს, მაგრამ თითქმის ყველა ჩემპიონატზე ასეთი სიტუაციაა. ალბათ, ამიტომაც მინდა, რომ გამარჯვებასთან ერთად ჩემი რეკორდებით გავალამაზო შეჯიბრებები.

წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ, დღეს შეიძლება კარგ ფორმაში ვიყო, მომდევნო ტურნირზე – ვერა. თუმცა ყველაფერს ვაკეთებ, რომ ჩემი რეკორდები ყველა შეჯიბრებაზე გავაუმჯობესო.“

„ოლიმპიური ტაიმაუტის“ წამყვანის შეკითხვაზე, ტურნირის წინ უშვებს თუ არა, რომ რამე შეიძლება არ გამოვიდეს და მეტოქეს შანსი გაუჩნდეს, ლაშამ უპასუხა:

„ამას ადრე ყურადღებას არ ვაქცევდი. ახლა უფრო მეფიქრება, იქიდან გამომდინარე, რომ არ მინდა, რამე შეცდომა დავუშვა. მეტ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ, რადგან ჩემი გულშემატკივარი ჩემგან მხოლოდ გამარჯვებას ელოდება. ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურად მოქმედებს. თუმცა შეჯიბრება რომ დაიწყება, ერთი საფიქრალი მაქვს – მწვრთნელები რასაც შეუკვეთავენ, ყველა წონა დავაფიქსირო.“

მომდევნო ოლიმპიადა პარიზში 2024 წელს გაიმართება. ლაშა ტალახაძემ პირდაპირ ეთერში დაადასტურა, რომ ამიერიდან პარიზში გამოსვლისთვის მოემზადება.