ლეგენდების მატჩის წინ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტმა“ ფინეთის ნაკრების ყოფილ ვარსკვლავთნ, იარი ლიტმანენთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა. შეხვედრა 16 მაისს, 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
შთაბეჭდილებები საქართველოზე
აქ 10 წლის წინ, რამდენიმე დღით ვიყავი. საქართველოში ფინეთის ნაკრები ჩამოვიდა და მას ჩამოვყევი. ეს მოკლე ვიზიტი იყო, მაგრამ დიდი სიამოვნება მივიღე. მომწონს მთები, ბუნება და ქალაქები, რომლებიც მათ გარშემოა აშენებული.
ბარსელონაც ისეთი ქალაქია, რომელიც მთებსა და ზღვას შორის მდებარეობს. ამჟამად აქ მხოლოდ ერთი დღე გავატარე, ხვალ კი მივემგზავრები.
ქართველი ფეხბურთელები
ყოველთვის მომწონდა ქართველი ფეხბურთელები, რადგან მათ კარგი უნარები, ბურთის ფლობის ტექნიკა ჰქონდათ. „აიაქსიდან“ ვიცნობ შოთა არველაძეს, მისი ძმაც ნიდერლანდებში თამაშობდა და მათი ყურება ყოველთვის ძალიან სასიამოვნო იყო.
ქინქლაძემაც გაატარა მცირე დრო „აიაქსში“ და ბურთთან ისიც ძალიან კარგი იყო. და, რა თქმა უნდა, კალაძე, რომელმაც იტალიაში მრავალი წელი გაატარა. როდესაც ვფიქრობ ქართველ ფეხბურთელებზე, პირველ რიგში საფეხბურთო ნიჭით დაჯილდოებული სპორტსმენები მახსენდებიან, რომლებსაც არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღების არ ეშინიათ და ბურთთან ძალზედ მეგობრულად არიან.
ჩემთვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა. დიდ სიამოვნებას ვიღებდი, როდესაც „ნაპოლიში“ მის თამაშს ვადევნებდი თვალს, ახლა კი ის პსჟ-ის რიგებში „ჩემპიონთა ლიგის“ ფინალს ითამაშებს…
ლეგენდების დაპირისპირება – გულშემატკივრები და ფეხბურთელები
კვლავ ძალიან მიყვარს ფეხბურთის თამაში და ეს გრძნობა არასდროს გამნელებია. კოვიდის გამო იყო 4-წლიანი პერიოდი, როდესაც თამაშს საერთოდ ვერ ვახერხებდი – დამემართა ვირუსი, რომელიც დიდხანს გაგრძელდა. შარშან ამ პაუზის შემდეგ პირველად გავედი მოედანზე. თუ სწორად მახსოვს, ხუთ შეხვედაში მივიღე მონაწილეობა და გავიაზრე, თუ როგორ მენატრებოდა ყოფილ გუნდელებთან ან ახალ მოთამაშეებთან შეხვედრა და მათთან მოედნის გაზიარება.
ჩვენი სათამაშო დონე ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე იყო და ვერც იმ დონეს შევედრებით, რომელსაც ყოველ კვირას ტელევიზორში ვუყურებთ, მაგრამ ასეთ მატჩებში მთავარი განწყობა და ატმოსფეროა, რომელსაც ფანები ქმნიან.
ფეხბურთი, უწინარეს ყოვლისა, გართობის, ბედნიერების წყაროა და შეუძლია, სხვადასხვა ერებიდან და ქვეყნებიდან ადამიანები გააერთიანოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლაა. ასეთ რთულ პერიოდში ფეხბურთს შეუძლია იმედი და მცირედი სიხარული მოგვცეს.

ლუის ვან გაალი
ჩემი ფილოსოფია ადრეული ასაკიდან ასეთი იყო – ბევრი შრომა, დისციპლინა და გუნდურობა. ვფიქრობ, სწორედ ეს იყო ის ძირითადი მოთხოვნები, რომელიც ლუის ვან გაალს საკუთარი შეგირდებისადმი ჰქონდა და ამიტომ ჩვენ ერთმანეთს კარგად შევეწყეთ. შრომის, რწმენის და დისციპლინის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევ. ეს იყო ის, რაშიც ვან გაალი ფეხბურთელებს ყოველდღიურად არწმუნებდა.
„აიაქსი“, „ბარსელონა“…
ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული სამყაროა. როდესაც ადრეულ 90-იან წლებში „აიაქსში“ ვთამაშობდი, გუნდში სულ სამი უცხოეული ფეხბურთელი იყო. ამსტერდამთან და კლუბის ფილოსოფიასთან ადაპტირება მომიწია.
„ბარსელონაში“ პირიქით იყო – ნახევარი გუნდი უცხოელები ვიყავით, მსოფლიოს მრავალი წერტილიდან და ამ დროს ფეხბურთი უკვე იცვლებოდა. არ არსებობს ბევრი ისეთი ადგილი, სადაც გარედან შეხვალ და ადაპტაცია არ მოგიწევს, „ბარსაშიც“ ასე იყო.
თუკი დავაკვირდებით პსჟ-სა და მილანის „ინტერს“, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშობენ, იქ არც თუ ისე ბევრ ფეხბურთელს ნახავთ, რომელიც პარიზელი ან მილანელია. ცვლილებებში ამას ვგულისხმობ.
„ლა ლიგაში“ მეორეზე გავედით, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ოთხეულში მოვხვდით, ისევე როგორც ესპანეთის თასზე, მაგრამ ტიტული ვერ მოვიპოვეთ, არადა ამასთან ძალიან ახლოს ვიყავით. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ და ამის დასტური მომდევნო პერიოდის „ბარსელონაა“ – გვარდიოლა, ლუის ენრიკე, ჩავი – ისინი კლუბის მწვრთნელები გახდნენ და მრავალი ტიტული მოიგეს.
„ლა მასიას“ როლი „ბარსელონაში“
როგორც იცით, „აიაქსში“ არაერთი სეზონი გავატარე. ამსტერდამული კლუბის მთავარი ფილოსოფია აკადემიის მოთამაშეების სათანადო დონეზე მომზადებაა. აკადემიის ზუსტად ისეთივე სისტემა დაინერგა „ბარსელონაშიც“ და მას „ლა მასია“ (ფერმა) უწოდეს.
როდესაც კატალონიაში კრუიფი მუშაობდა, ის ბევრს საუბრობდა ახალგაზრდებზე და დღეს „ლა მასია“ იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. „ბარსელონას“ ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ახალი ფეხბურთელების შეძენა არ შეეძლო. ისინი საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში აქცენტს დიდი მოთამაშეების შეძენაზე აკთებდნენ და ახლა დაუბრუნდნენ იმ ფილოსოფიას, რომელმაც წარსულში კლუბს დიდი წარმატება მოუტანა.
რჩევა ახალგაზრდა ფეხბურთელებს
როდესაც „აიაქსიდან“ „ბარსელონაში“ გადავედი, როგორც მოთამაშე მზად ვიყავი, 28 წლის და ჩამოყალიბებული. შესაბამისად, ეს ცვლილებისთვის კარგი დრო იყო.
ზუსტად იგივე მოხდა, როდესაც ესპანეთიდან პრემიერლიგაში წავედი. ჩემს დროს ინგლისში წასვლა ახალგაზრდებისათვის კარგ გადაწყვეტილებად არ მიიჩნეოდა. მათ ერჩივნათ ფეხბურთელები, რომლებიც უკვე მზად იყვნენ მაღალ დონეზე სათამაშოდ, ახალგაზრდებს კი განვითარებისთვის სწორედ სათამაშო პრაქტიკა სჭირდებათ.
მაგრამ ფეხბურთი იცვლება და ბოლო 10-15 წელში ინგლისური ფეხბურთის წარმატების მიზეზი იმაშია, რომ უცხოელი მწვრთნელები, ფეხბურთელები მიიწვიეს და მათ ჩემპიონატს ახალი ფილოსოფია და სტილი შემატეს.
ასე რომ, ინგლისში მაშინ უნდა წახვიდე, როდესაც ამისთვის მზად ხარ. ახლა უკვე ახალგაზრდა ფეხბურთელსაც შეუძლია, ძლიერ ინგლისურ კლუბში გადავიდეს და კარგი კარიერა აიწყოს.