ტაიმაუტის ექსკლუზივი | ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო გიორგი შერმადინი - დიდი მადლობა პირველ არხს, რომელიც გვერდში მედგა გამოკითხვის მიმდინარეობისას #1TVSPORT
26 მაისს გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს. იგი პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“ ტენერიფედან ჩაერთო და წამყვანების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.
„ევროპის არაერთ კლუბში მითამაშია, მაგრამ წელს რომ სეზონს ვატარებ, ასეთი არ მქონია. რეგულარული ეტაპი გუნდმაც მაღალ დონეზე ჩაატარა. თამაშიდან თამაშამდე ვუმატებდით და პლეი ოფში მესამე ადგილით გავედით. ძალიან მეხმარება მწვრთნელთა შტაბი, კალათბურთელები, განსაკუთრებით გამთამაშებელი მარსელინიო უერტასი, რომელსაც, როგორც საუკეთესო მეპასეს ყველა კარგად იცნობს. ის 38 წლისაა, თუმცა, ჩემთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. ამ გარემოებების გათვალისწინებით, სეზონის მსვლელობისას მოლოდინი და განცდა გამიჩნდა, რომ შემეძლო საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს მოგება. ბედნიერი ვარ, რომ მოლოდინი რეალობად იქცა და ესპანეთის MVP-ის თასი სახლში მაქვს.“
216 სმ სიმაღლის ქართველმა კალათბურთელმა მხარდაჭერისთვის ქომაგებს მადლობა გადაუხადა:
„ქართველი გულშემატკივრების დახმარებით გამოკითხვაში ძლიერ კალათბურთელებს ვაჯობე. დიდი მადლობა პირველ არხს, რომელიც გამოკითხვის მიმდინარეობისას გვერდში მედგა. კიდევ ერთხელ მივულოცავ ამ ჯილდოს მთელს საქართველოს და ბატონ ჯამლეტს, რომელთან ერთადაც გავიარე ურთულესი გზა.
ესპანეთის MVP-ის ჯილდო დიდ მოთამაშეებს აქვთ მოგებული და მიხარია, რომ ჩემი სახელიც მათთან ერთად ჩაიწერა.
სასიამოვნოა ისიც, რომ თასის გადმოცემა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს დაემთხვა – მე და უერტასი ესპანეთის ყველაზე მაღალ მთაზე აგვიყვანეს და იქ დამაჯილდოვეს.“
შერმადინის გუნდი ესპანეთის ჩემპიონატის პლეი ოფში „სან პაბლო ბურგოსს“ შეხვდება.
„პირველი თამაში სამშაბათს, 2 ივნისსაა. როგორც გუნდში აღნიშნავენ, ასეთი სეზონი „ტენერიფეს“ ბოლო 20 წლის განმავლობაში არ ჰქონია. სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ „ბურგოსზე“ უკეთესი გუნდი გვყავს, ნახევარფინალში გასვლის დიდი შანსი გვაქვს. თუმცა როდესაც საქმე პლეი ოფებს ეხება, არავინ იცის რა მოხდება, მაქსიმალური მობილიზება გვჭირდება. მართალია, „ბურგოსში“ ჩვენი თად მაკფადენი (საქართველოს ნაკრების ლეგიონერი) თამაშობს, მაგრამ, იმედია, მომდევნო ეტაპზე „ტენერიფე“ გავა“.