ტაიმაუტის ექსკლუზივი | ეკატერინე გორგოძე - კვალიფიკაციის ეტაპის დაძლევამ თავდაჯერებულობა შემმატა და ჩემი მოლოდინიც გაიზარდა #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტაიმაუტი“, დღეს ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე საფრანგეთიდან პირდაპირ ეთერში ჩაერთო, რომელმაც ექსკლუზიურ ინტერვიუში როლან გაროსის უკვე განვლილი საკვალიფიკაციო ეტაპის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, პირველად ისტორიაში – გორგოძე დიდ სლემზე მიიღებს მონაწილეობას.
ქართველმა ჩოგბურთელმა „ტაიმაუტთან“ ბოლო მატჩის შესახებ ისაუბრა, სადაც როლან გაროსის ძირითადი ბადის საგზური მოიპოვა.
„თამაშს რაც შეეხება, მთელი შეხვედრა ვცდილობდი, რომ მაქსიმალურად კონცენტრირებული ვყოფილიყავი მხოლოდ თამაშზე და არ მეფიქრა შედეგზე, მაგრამ ბოლო გეიმში, როდესაც დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რამდენად ახლოს ვიყავი გამარჯვებასთან და იმაზე, რომ ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იყო, ემოციები წამოვიდა მოზღვავებულად და სიმართლე რომ გითხრათ, ბოლო გეიმი საერთოდ არ მახსოვს, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევძელი ამ ემოციების მოთოკვა.“
გორგოძემ საკვალიფიკაციო ეტაპის ყველაზე რთული თამაშები გაიხსენა.
„თამაშის მხრივ გამიჭირდა პირველი შეხვედრა. ძალიან გრძელი დღე იყო, ორჯერ შევწყვიტე თამაში, ასევე რთული იყო ამინდის გამო, რადგან წვიმდა და იმის მიუხედავად, რომ პირველი სეტი არაჩვეულებრივად ჩავატარე, მაინც გაიწელა ყველაფერი და მეტოქის სასარგებლოდ მოტრიალდა თამაში. მაგრამ მაინც მოვახერხე კონცენტრირება და მესამე სეტში საკმაოდ დიდი ბრძოლა იყო. ემოციურ ფონს თუ მივაქცევთ ყურადღებას, მაშინ ყველაზე მეტად გამიჭირდა მელიცა კოსტოვასთან თამაში, რადგან მასთან გამარჯვება პირადი მიზეზების გამო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მასთან ბევრჯერ მაქვს ნათამაშები, არამარტო მნიშვნელოვან ტურნირებზე, არამედ კლუბურ თამაშებზეც და რამდენჯერაც თამაში მოვიგე, არასდროს დასრულებულა კარგად ჩვენი ურთიერთობა, არც კორტზე და არც მის მიღმა.“
„ტაიმაუტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ეკატერინემ მოსამზადებელ პერიოდზე ისაუბრა.
„მთელი წელია განსაკუთრებულად ვემზადები და მობილიზებული ვარ იმისთვის, რომ კარგად ჩავატარო მთელი სეზონი. ამჯერად ვიყავი ახალ აკადემიაში წასული, ახალ მწვრთნელთან ერთად გავიარე ორკვირიანი მომზადება. მომზადების პირველმა კვირამ კარგად ჩაიარა, მაგრამ მეორე კვირას პატარა ტრავმებმა შემაწუხა, რამაც თითქმის ერთი კვირა გამაჩერა. 100 პროცენტით მზად არ ვიყავი ამ ტურნირზე ჩამოსული, როლან გაროსის ბოლო ორ ტურნირზე უკეთეს ფორმაში ვიყავი, მაგრამ ემოციურად მზად, ალბათ, წელს ვიყავი.“
ბოლოს კი მან საფრანგეთის ღია პირველობის ძირითად ბადეზეც გაამახვილა ყურადრება და აღნიშნა, რომ კვალიფიკაციის ეტაპის დაძლევამ თავდაჯერებულობა შემატა.
„კვალიფიკაციის ეტაპის დაძლევამ შემმატა თავდაჯერებულობა და ამასთან ერთად ჩემი მოლოდინიც გაიზარდა. ვფიქრობ, რომ როგორიც არ უნდა იყოს ბადე, ჩემს მაქსიმალურს მაინც დავდებ კორტზე და როგორც უკვე ბევრჯერ აღვნიშნე შეუძლებელი არაფერია და მჯერა, რომ კარგი შედეგი შემიძლია დავდო ძირითად ბადეშიც.“