ტაიმაუტი | ზურიკო დავითაშვილი - ვფიქრობ, „ზენიტთან“ ჩემმა გოლმა გარდამტეხი როლი ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი ტულიდან ჩაერთო. მან ნაკრების ბოლო სამ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა, რუსეთში დაბრუნებულმა კი ჩემპიონი „ზენიტის“ კარი აიღო და გუნდის სენსაციურ გამარჯვებაში (2:1) თავისი წვლილი შეიტანა.
საქართველოს ნაკრების 20 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გადაცემაში ბოლოდროინდელი წარმატებული თამაშების მიზეზებზე ილაპარაკა.
– გოლი ყოველთვის სასიხარულოა, მით უფრო, ჩემპიონ გუნდთან რომ გაიტან. მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ახლა უკეთესი სეზონი მაქვს, ვიდრე გასულ წელს. შევეცდები, ასეც გავაგრძელო, ნაკრებსაც გამოვადგე და ჩემს გუნდსაც.
– 11 ტურში 2 გოლი გავიტანე. „არსენალი“ უფრო დაცვიდან თამაშობს და ასეთ გუნდში თავის გამოჩენაც უფრო რთულია. „ზენიტში“, „სპარტაკში“ ან „კრასნოდარში“ რომ ვთამაშობდე, უფრო მეტს გავიტანდი, რადგან ასეთ გუნდებში შემტევისთვის თამაშიც უფრო ადვილია.
– ყველა ფეხბურთელის მიზანია, განვითარდეს და კარიერაში მეტს მიაღწიოს. ბუნებრივია, მეც ეს მსურს – მოვხვდე ისეთ ევროპულ გუნდში, სადაც უფრო გამოვჩნდები.
– „ზენიტთან“ ქულას ვფიქრობდით, მაგრამ მეორე ტაიმში გავიტანე და რა თქმა უნდა, მეტი სტიმული მოგვეცა. ჩემი აზრით, ამ გოლმა თამაშში გარდამტეხი როლი ითამაშა. ალბათ, იღბალიც ჩვენს მხარეს იყო – ბოლო წუთზე გავიტანეთ.
– „არსენალი“ უკვე შეიკრა, შევთამაშდით, ერთმანეთი კარგად გავიცანით და თამაში გვიადვილდება. მიზანი ხუთეულში მოხვედრაა და იმედია ამას შევძლებთ.