დავითაშვილმა „ზენიტს“ გაუტანა - „არსენალმა“ ჩემპიონს მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT
დავითაშვილმა „ზენიტს“ გაუტანა - „არსენალმა“ ჩემპიონს მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT

რუსეთის პრემიერლიგის მე-11 ტურის მატჩში, ტულაში „არსენალმა“ შეხვედრის ბოლო წუთზე „ზენიტს“ მოუგო, რასაც სათავე ზურიკო დავითაშვილმა დაუდო.

მატჩის ძირითადი მოვლენები მეორე ტაიმში მოხდა. 54 -ე წუთზე ანგარიში საქართველოს ნაკრების შემტევმა გახსნა. ერთ-ერთი კონტრშეტევისას ზურიკო დავითაშვილი „ზენიტის“ საჯარიმოში შევარდა და კარიდან გამოსულ მეკარეს ზუსტად დაურტყა – 1:0.

 

ჩემპიონებმა ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ შეხვედრის ბოლოს, 88-ე წუთზე არტიომ ძიუბას გოლით მოახერხეს.

თუმცა, პეტერბურგელების სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. რამდენიმე წუთში კინგს კანგვამ 25 მეტრიდან ბურთი „ცხრიანში” ჩაახვია და „არსენალმა“ 2:1 მოიგო.

ამ გამარჯვების შემდეგ, ზურიკო დავითაშვილის გუნდმა 12 ქულა დააგროვა და შუალედურ მე -12 ადგილზე გადავიდა. თუმცა, ეს მე -11 ტურის პირველი მატჩი იყო, ამიტომ პოზიცია შეიძლება შეიცვალოს.

ზურიკო დავითაშვილმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. 12 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებმა კოსოვო სწორედ მის მიერ 82-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა.