ტაიმაუტი | თორნიკე გოგებაშვილი - უახლოეს მომავალში ქართული რაგბის შესახებ ბევრ სასიამოვნო სიახლეს შევიტყობთ #1TVSPORT
ტაიმაუტი | თორნიკე გოგებაშვილი - უახლოეს მომავალში ქართული რაგბის შესახებ ბევრ სასიამოვნო სიახლეს შევიტყობთ #1TVSPORT

საქართველოს რაგბის კავშირის დელეგაცია დუბლინში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრები გამართა ევროპული პროფესიული საკლუბო რაგბის მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან. მოლაპარაკებები გაიმართა ქართული ფრანჩაიზის „შავი ლომის“ ევროპულ საკლუბო ტურნირებში ჩართვასთან დაკავშირებით.

ვიზიტის შედეგებზე პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე გოგებაშვილმა და რაგბის კავშირის ოპერაციების დირქტორმა, ლექსო გუგავამ ისაუბრეს:

 

თორნიკე გოგებაშვილი: „შარშან ისტორიული წელი იყო ქართული რაგბისთვის, საქართველოს ნაკრებმა  ჯერ საკუთარ მოედანზე იტალია დაამარცხა, შემდეგ კი სტუმრად უელსს მოუგო. ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მსოფლიო რაგბის საზოგადოებისა და მედიის ყურადღების ცენტრში მოვხვდით.

ამ წარმატების ნაწილია პირველი ქართული ფრანჩაიზი „შავი ლომი“, რომელიც რაგბის კავშირის თანადგომით შეიქმნა, მის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის ბაჩო ხურციძეს.

„შავი ლომი“ ორჯერ გახდა ევროპის სუპერთასის გამარჯვებული. შესაბამისად, ყურადღება და დაინტერესება საკმაოდ დიდია. ჩვენ ვსაუბრობთ „ჩელენ კაპსა“ და ჩემპიონთა თასზე მონაწილეობაზე.

დუბლინში ძალიან პოზიტიური შეხვედრა იყო, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, წინ რთული და დიდი გზაა გასავლელი. ნებისმიერ დეტალს დიდი ყურადღება ექცევა.

ჯერჯერობით გრძელდება მოლაპარაკება, მაგრამ ფაქტი, რომ „შავ ლომს“ უკვე ასეთი რანგის შეხვედრებზე იწვევენ, ბევრ რამეზე მეტყველებს. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ბევრ სასიამოვნო სიახლეს შევიტყობთ ქართული რაგბის შესახებ.

მნიშვნელოვანია კომერციალიზაცისა და მაყურებლის დასწრების საკითხი არა მარტო ეროვნული ნაკრების, არამედ ნებისმიერი რანგის თამაშზე. 27 მაისსა და 1-ელ ივნისს თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე გაიმართება საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების თამაში ინგლისის წინააღმდეგ და ვთხოვ გულშემატკივარს მობრძანდნენ, დასწრება თავისუფალია და ერთად ვუქომაგოთ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშოდ ემზადება“.

ლექსო გუგავა: „ამიტომ იყო „შავი ლომის“ შექმნა მნიშვნელოვანი, რომ კიდევ უფრო ამაღლებულიყო სათამაშო დონე. ფრანჩაიზების სტრატეგია ამართლებს, ეს მსოფლიო პრაქტიკაა, სანაკრებო ბირთვი მობილიზებულია ერთ კლუბად, ნაკრების წევრები ერთად არიან, თამაშობენ მთელი წლის მანძილზე და შემდეგ უკვე ნაკრებში აღარ სჭირდებათ შეგუების ეტაპი.

„შავი ლომის“ შექმნამ თავისი შედეგი გამოიღო იტალიასა და უელსთან მოგებებით. გუნდმა ორჯერ მოიგო ევროპის სუპერთასი, ახლა კი უფრო მაღალ დონეზე უნდა გადავიდეთ. უფრო მაღალი დონის თამაშები უნდა ჩავატაროთ ინგლისის, ირლანდიის, შოტლანდიის, უელსისა და საფრანგეთის ძალიან მაღალი დონის კლუბებთან. ასეთი რანგის ტურნირში ჩართვა წინ გადადგმული ნაბიჯი და განვითარების წინაპირობაა, რაც გაკეთდება და მომავალში „შავი ლომი“ ძალიან დიდი კლუბი გახდება“.