ტაიმაუტი | როგორ უნდა იკვებებოდეს სპორტსმენი - ლიკა ჯიჯეიშვილისა და ბექა ბურჯანაძის რჩევები [ვიდეო] #1TVSPORT
პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ მთავარი თემა ჯანსაღი კვება იყო. კალათბურთელმა ბექა ბურჯანაძემ და მოფარიკავე ლიკა ჯიჯეიშვილმა მაყურებელს საკუთარი მოსაზრება გაუზიარეს და სპორტსმენისთვის ჯანსაღი კვების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
„ნუტრიციოლოგი მყავს დაქირავებული და მის მიერ შედგენილი რაციონით ვიკვებები. იქ ხაჭაპური და ჩურჩხელა არ წერია, თუმცა მისი ნებართვით, თუ დღის განმავლობაში საკმარის მინერალებსა და ვიტამინებს მივიღებ, შეიძლება ჩავრთო ის, რაც მიყვარს. თუმცა ეს ყოველთვის არ ხდება.
სწორი კვება ძალიან მნიშვნელოვანია ტრავმების ასაცილებლად, ტრავმიანობის დროს… გააჩნია ინდივიდუალურად რა მიზანი აქვს სპორტსმენს. წონის დაკლებასურს, შენარჩუნება, მომატება, ძალაზე ყურადღების გამახვილება. შესაბამისი კვების გარეშე არაფერი გამოვა“, – აღნიშნა ბექა ბურჯანაძემ, რომელიც ესპანური „ბეტისის“ ღირსებას იცავს.
მოფარიკავე ლიკა ჯიჯეიშვილმა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ახალგაზრდა სპორტსმენებს რჩევები მისცა:
„ფარიკაობაში წონა დიდად არ კონტროლდება, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, სწორად ვიკვებოთ. აუცილებელია, რომ სპორტსმენი ფორმაში იყოს. უპირატესობას, რა თქმა უნდა, ჯანსაღ საკვებს ვანიჭებთ, რადგან მოფარიკავე მსუბუქად უნდა მოძრაობდეს.
ე.წ „ჯანქ ფუდი“ მეც მიყვარს, მაგრამ თავს ამის უფლებას თვეში ერთხელ თუ ვაძლევ, მაშინ, როცა ტურნირი მთავრდება ხოლმე. ფარიკაობა ძალიან მოძრავი სპორტია, ამიტომ, ვდილობთ, რომ დღის განმავლობაში 2000 კალორიაზე მეტი არ მივიღოთ. ვურჩევდი მოფარიკავეებს, რომ აუცილებლად სწორად იკვებონ. ეს წარმატების საწინდარია, რადგან, როდესაც ჯანსაღი სხეული გაქვს, ყველაფერს უფრო მარტივად დაძლევ“.