ტაიმაუტი | ნინო პასიკაშვილი - საქართველოს ქალთა ნაკრებს დიდ ტურნირზე გასასვლელად ათი წელი მაინც დასჭირდება #1TVSPORT
ტაიმაუტი | ნინო პასიკაშვილი - საქართველოს ქალთა ნაკრებს დიდ ტურნირზე გასასვლელად ათი წელი მაინც დასჭირდება #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ქალთა ნაკრების წევრმა, ნინო პასიკაშვილმა ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების შანსებზე ისაუბრა. ერთა ლიგის მომდევნო შეხვედრებს ჩვენი გუნდი ოქტომბერში გამართავს. 27 და 31 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ლიეტუვას ჯერ – სტუმრად, შემდეგ კი საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.

„ერთა ლიგაზე დიდი იმედები გვაქვს. ჩვენს რეიტინგთან ახლოს მყოფ გუნდებს ვხვდებით და მიხარია, რომ მეტი შესაძლებლობა გვაქვს, ვიდრე ჩვეულებრივ შესარჩევში შვედეთთან და იტალიასთან. იმედებიც არის. თურქეთთან სახლში 0:3 წავაგეთ, მაგრამ არ უნდა გავჩერდეთ. ლუქსემბურგთან გასვლაზე 1:1 ვითამაშეთ და ვფიქრობ, დრო არის, საქართველოში ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ. ახლა ოქტომბრის მატჩებისთვის ოპტიმალური შემადგენლობით ვემზადებით და იმედი გვაქვს, ამ შეხვედრებს უკეთ ჩავატარებთ.

რა დონეზეა ჩვენი სავარჯიშო პროცესი? დაგვინიშნეს ირის ალტმანი, რომელიც ისრაელიდანაა. სამწუხაროდ, საკლუბო დონეზე არ არის ისეთი ხარისხი, რაც შემდეგ ნაკრებში არის საჭირო. მე შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ, ძირითადად, „ბ“ ლიცენზიის მქონე მწვრთნელებია. ამიტომ გვინდა პროლიცენზიის მწვრთნელები, რადგან ეს შედეგზე გავლენას ახდენს.

ჩვენს ნაკრებში, ძირითადად, გუნდის ხასიათი არ მოსწონდათ. ირის ალტმანმა კი ჩვენს გუნდზე დიდი გავლენა უკვე მოახდინა და დღეს ყველა ხედავს, რომ ნაკრები ფსიქოლოგიურად სულ სხვა საფეხურზეა. საკლუბო ფეხბურთით ბიზნესი უნდა დაინტერესდეს, რადგან კლუბების უმრავლესობა მუნიციპალურია და, ბუნებრივია, კარგი ანაზღაურება არ იქნება. მე „კვარტალში“ ვთამაშობ, რომელსაც გარკვეული შემოსავლები გააჩნია, მაგრამ მასშტაბურად თუ არ დაინტერესდნენ, ძნელი იქნება. საერთოდ კი მიმაჩნია, რომ სანაკრებო დონეზე წარმატების მისაღწევად და დიდ ტურნირზე გასასვლელად ათი წელი მაინც დაგვჭირდება, იმიტომ, რომ თაობების გაზრდაა აუცილებელია, ამის გარეშე კი ეს ძნელი წამოსადგენია. პროგრესი არის. 2015 წელს 100 ქალი ფეხბურთელი თუ იყო, ახლა მათი რაოდენობა სამი ათასამდე გაიზარდა“, – ამბობს ნინო პასიკაშვილი.