ტაიმაუტი | ნიკა ამაშუკელი - ექვს ერზე მსაჯობა ნებისმიერი ქვეყნის არბიტრისათვის არის უდიდესი წარმატება #1TVSPORT
ტაიმაუტი | ნიკა ამაშუკელი - ექვს ერზე მსაჯობა ნებისმიერი ქვეყნის არბიტრისათვის არის უდიდესი წარმატება #1TVSPORT

27 თებერვალს ნიკა ამაშუკელი გახდა პირველი ქართველი რაგბის ისტორიაში, რომელმაც 6 ერის მატჩში მთავარი არბიტრის რანგში იმუშავა. შეგახსენებთ, რომ ამაშუკელმა ირლანდიასა და იტალიას შორის შეხვედრა განსაჯა.

დღეს, 11 მარტს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი საქართველოს პირველი არხის გადაცემას „ტაიმაუტი“ სტუმრობდა, სადაც მან სხვადასხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა.

ნიკა ამაშუკელმა ინტერვიუს დასაწყისში იმ ემოციებზე ისაუბრა, რომელიც ამ უდიდეს მიღწევას თან ახლდა.

„უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გვერდს ვერ ავუვლი. დავიწყებ იმით, რომ სანამ თამაში დაიწყებოდა ძალიან მქუხარე აპლოდისმენტები იყო. ძალიან ემოციური იყო ექვს ერზე ჩემი დანიშვნა და იქამდე გატარებული მოსამზადებელი პერიოდიც. გადავსებული „ავივა სტედიუმი“ არის ჭეშმარიტი სარაგბო ზეიმი და ამ ტურნირმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ემოციები თამაშის დროს გვერდზე გადავდე, არ იყო ეს იოლი, მაგრამ როცა ამ დონეზე მსაჯობ, ვალდებული ხარ, რომ ემოციები და წნეხი გვერდზე გადადო და გააკეთო ის რაც მოგეთხოვება. სანამ უშუალოდ მატჩზე გადავალ, ვიტყვი, რომ ეს არის უდიდესი მიღწევა, არამარტო საქართველოსთვის, არამედ ნებისმიერი ქვეყნის მსაჯისთვის.“

ქართველმა არბიტრმა მატჩის იმ მომენტზე ისაუბრა, რასაც შემდეგ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„ძალიან არასასიამოვნოა, როცა მე-20 წუთზე წითელ ბარათს ხმარობ. თან იმ გუნდის მიმართ, რომელიც არ არის ფავორიტი. ყველანაირად ვეცადე, რომ მომეძებნა ე.წ. მიტიგაციის ფაქტორი და ჩამოვსულიყავი ყვითელ ბარათზე, მაგრამ სამი წელია უკვე მსოფლიო რაგბი დირექტივას გასცემს, რომ მაღალი ბოჭვის ტექნიკა ანუ როცა ყელს ზევით მოხვდება მხარი არის წითელი ბარათი. რეალურად გადაწვეტილება ამ პროტოკოლით იყო ძალიან მარტივი – მოხდა მსაჯების სამეულს შორის განხილვა და მივედით ლოგიკურ შედეგამდე. რთული ეს იყო იმიტომ, რომ მაყურებელს არ უნდა წითელი ბარათის ხილვა და ჰგონია, რომ მსაჯი ამას თავის გამოჩენის მიზნით აკეთებს. მე უფრო არ მინდა ხოლმე ამის გაკეთება, რადგან აბსოლუტურად სხვა დინამიკა ეძლევა თამაშს. შემდეგ რაც მოჰყვა ამ წითელ ბარათს, არის საკმაოდ გართულებული წესი და ძალიან იშვიათად ხდება – იტალიას კიდევ ერთი კაცის დაკლება მოუწია შერკინების წესის გამო, ამის მოჰყვა ძალიან დიდი პროტესტი და უკმაყოფილება, მაგრამ უნდა ავღნიშნო, რომ ვინც ერკვევა და სარაგბო პერიმეტიებში კარგად არის გარკვეული, იმ წამსვე წესების წიგნი გადაშალა და მიხვდა რაში იყო საქმე. სხვათაშორის, წესის მიმართ იყო კრიტიკა და ბევრი საქებარი სიტყვა იყო ჩემს მიმართ. საბოლოო ჯამში, რთული გამოვიდა თამაში, რადგან წნეხი ძალიან დიდი იყო და შემდეგი 60 წუთი იმაზე ვფიქრობდი, რომ იტალია რამენაირად არ დაგვეკარგა, რაც უნდა ვთქვა, რომ გავაკეთე და თამაში ძალიან კარგად იყო ნამსაჯი.“

ამაშუკელმა მატჩის შემდგომ შეფასებებზეც ისაუბრა.

„გამოხმაურება იყო ძალიან დადებითი. მითხრეს, რომ ყველაფერი ზუსტად იყო გაკეთებული და ძალიან კმაყოფილები იყვნენ იმით, რაც ნახეს. მსაჯი ვალდებულია წესებისა და პროტოკოლების ჩარჩოში იყოს. კარგი შეფასება იმის წინაპირობაა, რომ შემდეგ ელიტარულ ტურნირებზე აუცილებლად ვიქნები. საბოლოო ჯამში კი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მივა იმ მიზნამდე, რაც არის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. რაც შეეხება არაოფიციალურ გამოხმაურებას, ნაიჯელ ოუენსმა აღნიშნა, რომ ქართველმა მსაჯმა, რომელსაც დებიუტი ჰქონდა რთულ სიტუაციებში, კარგად გაართვა თავი და ეს ჩემთვის ძალიან სიმბოლური იყო.“

ბოლოს მან საქართველოს ნაკრების მომდევნო მატჩზე ილაპარაკა, რომელშიც ბორჯღალოსნები რუმინელებს შეხვდებიან.

„რაც შეეხება ხვალინდელ მატჩს, ბიჭებში მონდომება არის უდიდესი, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუმინეთს ჰაერივით ესაჭიროება გამარჯვება, არ არის იოლი მეტოქე, სახლში ძალიან კარგად თამაში შეუძლია და ვიცით როგორ უდგებიან საქართველოსთან მატჩს, რადგან ჩვენ ვართ ერთპიროვნული ლიდერები ამ გათამაშების. ეს იქნება ძალიან რთული თამაში.“