ტაიმაუტი | მერაბ შარიქაძე - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკასთან საუკეთესო კუთხით უნდა წარმოაჩინოს თავი #1TVSPORT
ტაიმაუტი | მერაბ შარიქაძე - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკასთან საუკეთესო კუთხით უნდა წარმოაჩინოს თავი #1TVSPORT

„ბორჯღალოსნები“ ზაფხულში რამდენიმე ტესტ-მატჩს გამართავენ. 3 და 10 ივლისს საქართველოს რაგბის ნაკრები სამხრეთ აფრიკას ესტუმრება, 17-ში კი შოტლანდიას უმასპინძლებს. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა.

„საქართველოს ყველა გულშემატკივარი ამ ფაქტით ამაყობს, რადგან „ლომების ტურნე“ რაგბის გულშემატკივარს კარგად მოეხსენება, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა რაგბის სამყაროში და აქტიური მსოფლიო ჩემპიონი, როდესაც გადაწყვიტავს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირის წინ ორი თამაში ჩაატაროს საქართველოსთან ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა და  დიდი პატივია, ამასთან ერთად, უდიდესი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა, რომ მათთვის და პირველ რიგში, ჩვენთვის იყოს ეს ორი თამაში ძალიან პროდუქტიული, რადგან როგორც მე მაქვს ინფორმაცია მათ მეტი თამაში არ აქვთ და ჩვენ მერე ეთამაშებიან ბრიტანელ ლომებს და ჩვენ ამის მერე ვეთამაშებით, თუ არ ვცდები ბათუმში, შოტლანდიის ნაკრებს, რომელიც მეორეჯერ ჩამოდის უკვე საქართველოში, რაც ძალიან იშვიათი ფაქტია და ჩვენც თავისთავად ოპტიმისტურად ვართ განწყობილები ყველა თამაშისადმი.“

„ბორჯღალოსნების“ კაპიტნის თქმით, სამხრეთ აფრიკა ტავის მაქსიმუმს გააკეთებს, რადგან მათ გულშემატკივრებს მონატრებული აქვთ ნაკრების თამაში ხილვა.

„მეტოქისგან ძალიან დიდ მონდომებას ველით, რადგან სპორტი პირდაპირ მიბმულია გულშემატკივრებზე და როდესაც მათი სურვილი დიდია, სპორტსმენიც მაქსიმუმს აკეთებს. გულშემატკივრებს იმდენი ხანია არ უნახავთ სამხრეთ აფრიკის თამაში, რომ მონატრებულები არიან და დარწმუნებული ვარ, რომ უდიდესი მოტივაციით შეხვდებიან ამ თამაშებს. რეალობას არ უნდა გავექცეთ, ფაქტია, რომ სამხრეთ აფრიკა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გუნდია და მოწინააღმდეგეებისთვის ყველაზე რთულ რაგბს თამაშობს. ფიზ-მომზადების კუთხით საოცარ დონეზე არიან და 80 წუთი გაუჩერებლად თამაშობენ. მე რასაც ველოდები არის ის, რომ საქართველოს ნაკრებმა საუკეთესო კუთხით უნდა წარმოაჩინოს თავი, რითიც ჩვენც და ჩვენი გულშემატკივრებიც კმაყოფილები ვიქნებით.“

შარიქაძემ შოტლანდიაზეც გაამახვილა ყურადღება და მოსამზადებელ ეტაპზეც ისაუბრა.

„უნდა გვახსოვდეს, რომ შოტლანდია ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. ჩვენ ძალიან დიდი იმედებით და მონდომებით ვხვდებით ამ სამ თამაშს და განსაკუთრებით ამ ბოლო თამაშს, რადგან საშინაო კედლებში იქნება. ამას ჩვენთვის, ისევე როგორც გულშემატკივრებისთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მოსამზადებელი ეტაპი ჯერ არ დაწყებულა, ჯერ საქართველოს შიდა ჩემპიონატიც არ დამთავრებულა. ამ თვის ბოლოს იქნება ვარჯიშები იმათთვის, ვინც საქართველოში ვიმყოფებით და შემდეგი თვის დასაწყისში იქნება შეკრება, რის შემდეგაც ვეთამაშებით ბელგიას ან ჰოლანდიას და შემდეგ უკვე გავემგზავრებით სამხრეთ აფრიკაში.“

საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, სამხრეთ აფრიკასთან და შოტლანდიასთან დაპირისპირებამდე ჩვენი ნაკრები რაგბი ევროპის ბოლო მატჩს ბელგიის ან ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ, ისტორიაში პირველად თელავში გამართავს.