ტაიმაუტი | მებო ნუცუბიძე - ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლამაზი ისტორიის ლამაზად დასრულებას ვგულშემატკივრობ #1TVSPORT
29 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთს „მანჩესტერ სიტი“ და „ლონდონის „ჩელსი“ დაუპირისპირდებიან. ამ საინტერესო მატჩის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ გადაცემა „აკუსტიკის“ წამყვანმა, მუსიკოსმა და ფეხბურთის გულშემატკივარმა მებო ნუცუბიძემ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ფინალში „სიტის“ გულშემატკივრობს, რადგან ლამაზი ისტორიის ლამაზად დასრულება სურს.
„სამწუხაროდ, ჩემი საყვარელი გუნდი არ არის ფინალში. საერთოდ ისეთ გუნდს ვგულშემატკივრობ (რომა), რომელიც როგორც მახსოვს ერთხელ იყო ფინალში. მიუხედავად ამისა, მყავს ჩემი ფავორიტი. ფეხბურთში ლამაზი ისტორიების მოყვარული ვარ და მგონია, რომ ლამაზი ისტორიის დასასრული გამოვა, თუ ფინალში „სიტი“ მოიგებს. მინდა, რომ გვარდიოლას ამდენწლიანი წვალება კარგად დასრულდეს, თანაც „ბარსელონადან“ წასვლის შემდეგ ვერ მოიგო ვერაფერი მნიშვნელოვანი, შიდა ჩემპიონატების გარდა და მსურს, რომ ლიგა მოიგოს. ბევრი კრიტიკაა იმის შესახებ, რომ გვარდიოლა არაფერ შუაშია იმ „ბარსელონას“ წარმატებასთან, ამიტომ ამ შეხვედრაში ლამაზი ისტორიის ლამაზად დასრულებას ვგულშემატკივრობ.“
მებო ნუცუბიძემ გუნდების დადებით მხარეებზე ილაპარაკა.
„მანჩესტერ „სიტის“ ბევრი კოზირი აქვს, დაცვაში პორტუგალიელი დიასი სასწაულ სეზონს ატარებს. რაღაც თამაშები იყო, სადაც ცოტა გოლი გაუშვა და ეს ფეხბურთელიც დიდ როლს ასრულებდა ამ შეხვედრებში. დღევანდელ ფეხბურთში დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. ადრე შეიძლებოდა შემტევ გუნდებს შეტევის ხარჯზე მოეგოთ, მაგრამ „პარი სენ-ჟერმენის“ შემთხვევაშიც გამოჩნდა, რომ შეტევა ბევრად უფრო ძლიერი ჰყავს ვიდრე დაცვა, მაგრამ თუ დაცვა ასეთივე ძლიერი არ არის, რთულია. შესაბამისად „სიტის“ კოზირი მგონია ის რომ ყველა რგოლში დაბალანსებულია. რაც შეეხება „ჩელსის“, ტუხელი ძლიერი მწვრთნელია, თან ფინალში წაგების გამოცდილება აქვს და შეიძლება, ეს გამოცდილება გამოადგეს. „ჩელსის“ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს, რომლებსაც მოგების წყურვილი აქვთ.“
მან „ჩელსისა“ და „სიტის“ უარყოფით მხარეებზე ისაუბრა და თქვა, რომ ლონდონურ კლუბს უფრო მეტი სუსტი წერტილი აქვს.
„ლონდონის „ჩელსის“ სუსტი წერტილი შეიძლება იყოს ვერნერი. არიან ფეხბურთელები, რომლებიც დიდ გუნდებში, სადაც მათ დიდებულ თამაშს და ტურნირების მოგებას ელიან, ვერ თამაშობენ. არ მინდა, რომ ვერნერი ასეთი ფეხბურთელი გამოდგეს, რადგან ძალიან მომწონდა, რასაც აკეთებდა ბუნდესლიგაში. თუ ვერნერმა ამ შეხვედრაში გააცუდა ბევრი მომენტი, შესაძლოა, ეს იქცეს გადამწყვეტ ფაქტორად. მეორეს მხრივ, „სიტის“ სუსტი წერტილი არის ის, რაც გვარდიოლას მოსდიოდა ბოლო წლებში. ხანდახან ტაქტიკას ცვლიდა მნიშვნელოვან თამაშამდე. თუ გადამწყვეტ მატჩამდე გუნდი კარგად გამოიყურებოდა, ბოლოს მოიფიქრებდა ახალ ტაქტიკას და თუ აქაც ახალს არ მოიგონებს, ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ „ჩელსის“, შესაძლოა, უფრო მეტი სუსტი წერტილი ჰქონდეს, რადგან ახალგაზრდა მოთამაშეების გამოუცდელობის გამო შეიძლება ვერ ითამაშონ.“