საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი დავით კაჭარავა და საქართველოს ნაკრებისა და „შავი ლომის“ იტალიელი მწვრთნელი მარკო ბარტოლამი (რომელიც ზაფხულიდან მთავარი მწვრთნელის, პიერ-ანრი ბრონკანის ასისტენტი გახდება), რომლებმაც „ბორჯღალოსნებისა“ და „შავი ლომის“ სამომავლო გეგმებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე ისაუბრეს.
მარკო ბარტოლამი – „ჩელენჯ თასზე „შავმა ლომმა“ „მონტობანთან“ გასვლით მატჩში ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ვითამაშეთ დიდი სულისკვეთებით და ეს გამოჩნდა მოედანზე. შევეცადეთ, სწრაფი რაგბი გვეთამაშა და ბიჭებმა ეს გააკეთეს. მეორე ტაიმში გარკვეული სირთულეები გამოჩნდა, მაგრამ ვაჩვენეთ ხასიათი და მოვახერხეთ უპირატესობის შენარჩუნება.
საბოლოო ჯამში, კარგი მატჩი იყო. არსებობს გარკვეული ასპექტები, რომლებიც უნდა გავაუმჯობესოთ და ამაზე უკვე ვმუშაობთ. ვფიქრობ, 17 იანვარს „ზებრესთან“ უკეთესად ვითამაშებთ.
„ზებრეს“ კარგად ვიცნობ, მაღალი დონის, ძლიერი კლუბია, მაგრამ როდესაც გუნდი მოედანზე გადის, უნდა აჩვენოს სულისკვეთება, ითამაშოს ქვეყნისთვის და ხალხისთვის, დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება და ეს თამაში ჩვენი გამარჯვებით დასრულდება.

ვფიქრობ, რომ შერკინება ქართული გუნდების ძლიერი მხარეა, რადგან საქართველოს ძიუდოსა და ჭიდაობაში დიდი ტრადიცია აქვს, ესენი კი რაგბის მონათესავე სპორტის სახეობებია და ბიჭებს მოსწონთ ეს ელემენტები. ჩემი წვლილი შეიძლება იყოს ის, რომ დავეხმარო მოთამაშეებს, საუკეთესო თვისებები მაქსიმალურად წარმოაჩინონ.
ქართული რაგბი ახლა იმ გზას გადის, რაც იტალიამ დაახლოებით 15-20 წლის წინ გაიარა, სანამ რაგბის გაერთიანებულ ჩემპიონატს შეუერთდებოდა.
სწორ გზაზე ვდგავართ, ჩვენი მოთამაშეები, რომლებიც საფრანგეთში თამაშობენ, უმაღლეს კონკურენციაში არიან ჩაბმულნი. არ ექნება მნიშვნელობა, ვის ვეთამაშებით, ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ მოვიპოვოთ უფრო მაღალი დონის გუნდებთან თამაშის შესაძლებლობა და დავამკვიდროთ უფრო მაღალი სტანდარტი.
დავით კაჭარავა. „ვულოცავ ყველას „მონტობანთან“ გამარჯვებას. ვფიქრობ, საფრანგეთის ტოპ 14-ის გუნდთან სტუმრად ბონუსქულით მოგება ნიშნავს, რომ „შავი ლომი“ სწორად ვითარდება.
იმის გამო, რომ მაღალი დონის თამაშების ნაკლებობას განვიცდით, ძალიან მნიშვნელოვანია „შავი ლომის“ არსებობა. შარშან მოვახერხეთ 10 მაღალი დონის თამაშის ჩატარება. როგორც ცნობილია, მიმდინარეობს მუშაობა „შავი ლომის“ რაგბის გაერთიანებულ ჩემპიონატში ჩართვაზე, მაგრამ თუ ამ ეტაპზე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, გვაქვს მოლაპარაკებები და ვეცდებით, გუნდმა მაღალი დონის მეტოქეებთან 14-16 თამაში ჩაატაროს, რაც სამწვრთნელო შტაბს დაეხმარება, რომ ნაკრები მსოფლიო თასისთვის უკეთ მოამზადოს.
როგორც ცნობილია, პირველი დონის გუნდებთან ტესტმატჩების ჩატარების შესაძლებლობა 2030 წლამდე აღარ გვექნება, 2030 წლიდან კი დაიწყება გადათამაშებები და მოწინავე 12 გუნდს შორის მოხვედრის შანსი გვექნება.
16 წლის მანძლზე ეროვნულ ნაკრებში ვითამაშე და ყოველთვის გვქონდა სურვილი, რომ შევხვედროდით ტიერ 1-ის ნაკრებებს, მაგრამ რაც არ უნდა გაგვეკეთებინა, არ არსებობდა გზა, რომ ეს სურვილი აგვესრულებინა. დღეს კი ჩვენ ვიცით დრო, როდიდან შევძლებთ ამას და ვიცით გზა, რომელიც უნდა გავიაროთ რომ ჩვენი ამბიცია დავაკმაყოფილოთ და იმ მოწინავე 12 გუნდს შორის მოვხვდეთ, რომლებთან თამაშიც გვინდა.

ეს დრო მაქსიმალურად ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ, რათა შევძლოთ პრობლემების გამოსწორება და 2030 წელს ძალიან ძლიერი გუნდი ვიყოთ როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა, რათა მოვხვდეთ დიდი გუნდების რიცხვში.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელად რამდენიმე კანდიდატი გვყავდა შერჩეული და მათთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს, არსებობდა სხვადასხვა კრიტერიუმი – გამოცდილება, პროფესიონალიზმი, პირადი ურთიერთობები. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ ახალ მწვრთნელს ეროვნული ნაკრებსა და „შავ ლომში“ ემუშავა, კანდიდატებს ვუხსნიდით, რა მნიშვნელობა აქვს ქართული რაგბისთვის ორივე გუნდის ერთდროულად გაწვრთნას.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ლეგიონერების უმრავლესობა საფრანგეთში თამაშობს, უპირატესობას ფრანგ სპეციალისტს ვანიჭებდით და საბოლოოდ არჩევანი პიერ-ანრი ბრონკანზე შევაჩერეთ.
რაც შეეხება ასისტენტებს, მისი სურვილი იყო, რომ ერთ-ერთი დამხმარე მარკო ბარტოლამი ყოფილიყო. ამას გარდა, ეროვნული ნაკრების შტაბს შერკინებაში მიხეილ ნარიაშვილი დაემატება და უკვე ზაფხულისთვის შევჯერდებით იმ ჯგუფზე, რომელიც მსოფლიო თასის ჩათვლით ნაკრებსა და „შავ ლომში“ იმუშავებს“.