ტაიმაუტი | ლევან შენგელია - მოტეხილობა არ დადასტურდა და, სავარაუდოდ, მოედანს 2-3 კვირაში დავუბრუნდები #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ეროვნული ნაკრების მოთამაშემ, ლევან შენგელიამ განაცხადა, რომ საბერძნეთთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში მიღებული ტრავმა არც იმდენად სერიოზული გამოდგა, როგორც თავიდან ეგონა და ევროპის ჩემპიონატზე თამაშს შეძლებს.
„კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს ამ დიდ წარმატებას. რაც შეეხება ჩემს ტრავმას, პირველ დღეს რენტგენი გადავიღე, გუშინ კი MRI და გამოჩნდა, რომ მოტეხილობა არაა – უბრალოდ, ერთ-ერთი იოგი მაქვს გაწყვეტილი. ხვალიდან ვიწყებ ფიზიოთერაპიის კურსს და, ჩემი აზრით, დააახლოებით, 2-3 კვირის შუალედში მოედანზე დაბრუნება უნდა შევძლო. ევროპის ჩემპიონატის გამოტოვების რისკი გამოირიცხა.
ეს ეპიზოდი რამდენჯერმე ვნახე და შეგნებული უხეშობა არ იყო, სუფთა სათამაში ეპიზოდი გახლდათ. უბრალოდ არ გამიმართლა იმაში, რომ ბერძენი მცველი წაქცევის დროს დამეცა, ფეხის გამოწევა ვერ მოვასწარი და ფეხი ისე ცუდად მომყვა, ტრავმა მივიღე“, – განაცხადა ლევან შენგელიამ.