#ტაიმაუტი | ლევან მჭედლიძე - მნიშვნელოვანია, რომ ნაკრებში მწვრთნელმა მუშაობა დროულად დაიწყოს
ლევან მჭედლიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრებში მთავარი მწვრთნელის დროულად დანიშვნის შესახებ ილაპარაკა.
„ასე მგონია, რომ ერთა მაკედონიასთან თამაში (12 ნოემბრის) ოთხი თვის წინ კი არა, ახლახან იყო. მაგრამ ეს შეხვედრა უნდა დავივიწყოთ. არ შეიძლება, რომ თვენახევარში ჩასატარებელ სამ უმნიშვნელოვანეს მატჩს ისე შევხდეთ, თითქოს უკვე წაგებულია. ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. არა მგონია, რომ ფეხბურთის ფედერაციაში ხელები ჰქონდეთ ჩაქნეული. მაშინ არ უნდა ვიშრომოთ. ცუდია, რომ თამაშებამდე თვენახევრით ადრე მწვრთნელი არ გვყავს, მაგრამ იმედია, ახლო პერიოდში დაინიშნება. მოლოდინი დიდია და ხალხს და ფეხბურთელებს აინტერესებთ, ვინ იქნება ახალი მწვრთნელი. მნიშვნელოვანია, რომ მწვრთნელს მუშაობა დაწყებული ჰქონდეს არა ერთი კვირით ადრე, არამედ, ერთი თვით ადრე“, – ამბობს ლევან მჭედლიძე.
მან თორნიკე ოქრიაშვილზეც ისაუბრა:
„თორნიკეს ველაპარაკე, უკვე მწყობრშია და მიხარია, რომ თავს ძალიან კარგად გრძნობს. არ მეგონა, ამდენი ხანი თუ გამიცდებოდაო. უნდოდა, რომ სწრაფად დაეწყო და დრო ამის გამო გაიწელა. მატჩებისას აუცილებელია, თითოეული ფეხბურთელი კარგად იყოს, რადგან სამწუხაროდ, იმდენი მოთამაშე არ გვყავს, რომ რომელიმეს დანაკლისი არ დაგვეტყოს. ეს რამდენიმე თვის წინ ვიგრძენით“.