ტაიმაუტი | ლევან მაისაშვილი - ვცდილობთ, ნაკრებში კონკურენცია გავზარდოთ #1TVSPORT
პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“ ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი სტუმრობდა. საქართველოს ნაკრები ივლისში სამ მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს – 3 ივლისს არგენტინასთან, 10 ივლისს იტალიასთან, 16 ივლისს კი პორტუგალიასთან. სამივე მატჩი საქართველოში გაიმართება. ტრავმების გამო, მომავალ თამაშებში ბორჯღალოსნებს ოთხი მორაგბე ვერ დაეხმარება: გიორგი ცუცქირიძე, თორნიკე ჯალაღონია, მიხეილ ნარიაშვილი, გრიგორ ქერდიყოშვილი.
ლევან მაისაშვილი: „შეკრებას კვირას ვიწყებთ. დანაკლისი დიდია, მაგრამ ამას მიჩვეულები ვართ. სპორტი ტრავმებისგან შორს არ არის და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. გუნდში ორი ახალი მოთამაშე მეორეხაზელია – ლადო ჩაჩანიძე, რომელიც ახალგაზრდული ნაკრებიდან იყო ჩვენს თვალთახედვაში და მიხეილ ბაბუნაშვილი, რომელმაც „ქარი ქაფი“ კარგად ჩაატარა. ვცდილობთ, ამ და სხვა პოზიციაზე გავზარდოთ სიღრმეები, გავზარდოთ კონკურენცია“.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განსაკუთრებული აქცენტი იტალიასთან 10 ივლისს გასამართ შეხვედრაზე გააკეთა, რადგან ეს გუნდი ბორჯღალოსნების პრინციპული მეტოქეა:
ლევან მაისაშვილი: „ჩვენი მიზანი გამარჯვებაა, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არ იქნება ადვილი. ამ თამაშისთვის მაქსიმალურად მობილიზებულები ვართ და კარგია, რომ ეს არ არის პირველივე მატჩი, რაც მოგვცემს საშუალებას, იტალიასთან უკეთ მოვემზადოთ. იტალია ყველა ბოლო თამაშში კონკურენტუნარიანი იყო, თუ არ ჩავთვლით ირლანდიასთან მატჩს, რადგან შეხვედრის პირველი ნახევრიდანვე კაცნაკლულები იყვნენ. მათ დაამარცხეს უელსი. ახლა გუნდი ყველაზე ახლოს არის იმასთან, რასაც ეძებდნენ. იტალიის ნაკრების 80 პროცენტი ერთი გუნდიდან არის დაკომპლექტებული და ძალიან შეთამაშებულები არიან“.
ლევან მაისაშვილმა ქართული სარაგბო ლეგიონის წარმატებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ბორჯღალოსნების თამაშზე აუცილებლად აისახება:
„ადრე თუ ჩვენს ბიჭებს ჰქონდათ სათამაშო დროის დეფიციტი, წელს ამ კუთხით გაცილებით უკეთესი სურათი გვაქვს და ეს რა თქმა უნდა, ნაკრებს დაეტყობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დინამიკა შევინარჩუნოთ“.
ბორჯღალოსნების მწვრთნელი პირველ ქართულ ფრენჩაიზსაც შეეხო, განვლილი სეზონი დადებითად შეაფასა და სარაგბო ქვეყნის, სამხრეთ აფრიკის ტურნირზე, ქარის თასზე „შავი ლომის“ ასპარეზობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.