ტაიმაუტი | ლევან მაისაშვილი - მიუხედავად იმისა, რომ კაცნაკლულები ვიყავით, აქცენტი შეტევაზე გავაკეთეთ #1TVSPORT
ტაიმაუტი | ლევან მაისაშვილი - მიუხედავად იმისა, რომ კაცნაკლულები ვიყავით, აქცენტი შეტევაზე გავაკეთეთ #1TVSPORT

„მძიმედ დავიწყეთ და კარგად დავასრულეთ“, – ასე შეაფასა პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე გუნდის გამოსვლა, – „თამაშს ნელ-ნელა ვაუმჯობესებდით. ვცდილობდით, შემადგენლობაში შემოგვეყვანა ახალგაზრდა მორაგბეები, რომელთა ადაპტაციასა და შეთამაშებას გარკვეული დრო სჭირდებოდა.“

რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ „ბორჯღალოსნებმა“ 60 წუთი კაცნაკლულად ითამაშეს. მსაჯმა პირველივე ტაიმში გააძევა შალვა მამუკაშვილი.

„მოულოდნელობებისგან არავინაა დაზღვეული. დღევანდელ რაგბიში წესები გამკაცრებულია, უხეშობა მკაცრად ისჯება. მიუხედავად იმისა, რომ კაცნაკლულები ვიყავით, მივიღეთ გადაწყვეტილება, უკან არ გაგვეხედა – შეტევაზე ვიყავით ორიენტირებულები. სისწრაფის ხარჯზე, ფლანგზე, თითქმის ყველა შეტევაში მეტობის მოპოვებას ვახერხებდით. ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დაკისრებულ ფუნქციას კარგად გაართვეს თავი“.

ლევან მაისაშვილმა თაობათა ცვლის პროცესზეც ილაპარაკა:

„ეს ყველა ნაკრებში მტკივნეული პროცესია. ყველაზე დიდი პრობლემა მეორე ხაზში გვქონდა. მსოფლიოს თასის შემდეგ კარიერა დაასრულეს მამუკა გორგოძემ, გიორგი ნემსაძემ, შალვა სუთიაშვილმა, თუმცა შევძელით მათი კარგად ჩანაცვლება და ამ პოზიციაზე უკვე 5-6 მოთამაშე გვყავს. ვენდეთ და მათ ნდობა გაგვიმათლეს. სადაც კონკურენციაა, იქ ხარისხიც მაღალია“.