ტაიმაუტი | ლექსო გუგავა - ჩემი დიდი სურვილია 6 და 12 ნოემბერს სავსე „დინამო არენა“ ვნახო
ტაიმაუტი | ლექსო გუგავა - ჩემი დიდი სურვილია 6 და 12 ნოემბერს სავსე „დინამო არენა“ ვნახო

რაგბის ქართველ გულშემატკივარს დატვირთული ნოემბერი ელის. „ბორჯღალოსნები“ ამ თვეში სამ ტესტმატჩს გამართავენ. 6 და 12 ნოემბერს თბილისში, „დინამო არენაზე“, ურგვაისა და სამოას ნაკრებებს ვუმასპინძლებთ, 19-ში კი კარდიფში, უელსს ვეთამაშებით.

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის” სტუმარი რაგბის კავშირის ოპერაციული დირექტორი, ვეტერანი მორაგბე ლექსო გუგავა იყო, რომელმაც მომავალი მატჩებისთვის ნაკრების მზადებაზე ისაუბრა.

„მოსამზადებელი ეტაპი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ამ პროცესში ყოველთვის იჩენს ხოლმე თავს პრობლემები, მაგრამ მთლიანობაში, პროცესით ყველა კმაყოფილი ვართ – ჩვენც, სამწვრთნელო შტაბიც და მოთამაშეებიც.

მომავალ შეხვედრებს მნიშვნელოვანი დანაკლისით ვხვდებით. ბექა გიგაშვილი ოჯახური მიზეზის გამო გამოგვაკლდა, ლუკა ჯაფარიძეს, მიხეილ ალანიას, გელა აფრასიძეს, გრიგორ ქერდიყოშვილს, გიორგი ცუცქირიძეს ტრავმები აქვთ. ისინი გამოცდილი მოთამაშეები არიან როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე და ეს მნიშვნელოვანი დანაკლისია.

საქართველოს ნაკრების მიზანი და ამოცანა ყოველთვის არის ის, რომ მომდევნო თამაში წინაზე უკეთესი იყოს. 2023 წელი მსოფლიო ჩემპიონატის წელია, ვაჯამებთ გასული ოთხი წლის მუშაობას და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრები მაღალ დონეზე გამოვიდეს.

დებიუტანტები

პირველ რიგში ვიტყვი, რომ სამწვრთნელო საქმე ამით არის რთული, რომ ტრავმებისა თუ სხვადასხვა მიზეზების გამო, მწვრთნელს ყოველთვის უწევს როტაცია. დებიუტანტებიდან რამდენიმე მორაგბე არის „შავი ლომიდან“. ზუსტად ეს არის ამ გუნდის მთავარი პრინციპი, რომ სანაკრებოდ მომზადებული მოთამაშეებიდან მწვრთნელს არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდეს. „შავმა ლომმა“ შემადგენლობაში, ყველა პოზიციაზე, სიღრმეები გააჩინა. მორაგბეები სანაკრებო გარემოსთან მიახლოებულ პირობებში არიან. დიდი იმედი მაქვს, მომავალში ეს გუნდი უფრო ძლიერ ტურნირებში მიიღებს მონაწილეობას და მოთამაშეებიც უფრო მაღალ დონეზე ავლენ. ნაკრებისთვის აუცილებელია, ერთ პოზიციაზე მინიმუმ 3-4 ძლიერი მორაგბე გვყავდეს. დარწმუნებული ვარ, „შავი ლომის“ პროექტი მომავალში თავის სიტყვას იტყვის.

„შავი ლომის“ მუშაობაში სანაკრებო ვერტიკალია ჩართული, გუნდს  ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ამზადებს, კანდიდატები ერთ სივრცეში ჰყავთ და მათზე დაკვირვების შესაძლებლობა აქვთ, რაც შემდეგ არჩვანის გაკეთებას აადვილებს.

მეტოქეები

ურუგვაი ტრადიციული სარაგბო ქვეყანაა, რომელსაც არგენტინის მსგავსი სარაგბო ისტორია აქვს. ჰქონდათ გარკვეული შეფერხებები, როდესაც რანგით დაქვეითდნენ, თუმცა ეს ნაკრები რეგულარულად თამაშობს მსოფლიო თასზე. სათამაშო სტილიც არგენტინასთან მიახლოებული აქვთ. საკმაოდ ძლიერი და სწრაფი გუნდია, კარგად თამაშობენ რაქში. წინა მსოფლიო თასზე ერთ ჯგუფში ვიყავით და მაშინ მათ მოვუგეთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მანამდე ურუგვაიმ საკმაოდ ძლიერ ფიჯის ნაკრებს იოლად მოუგო. ასე რომ, მათთან სათამაშოდ ძალიან კარგად უნდა მოვემზადოთ.

სამოა, ფიჯისთან და ტონგასთან ერთად, სამი სამხრეთული კუნძულიდან ერთ-ერთია, რომლებიც მთელ მსოფლიოს ძლიერი მორაგბეებით ამარაგებს. სამოელები თამაშობენ ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, ინგლისის, შოტლანდიის, საფრანგეთისა და ირლანდიის ნაკრებებში.

რაც „მსოფლიო რაგბმა“ მორაგბეების ნატურალიზების წესი შეცვალა და გაამარტივა, სამოას შეუძლია დაიბრუნოს ის ვარსკვლავები, ვინც ზელანდიის ნაკრებში ვერ ხვდება და არიან მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები. ასე რომ, სამოა ერთ-ერთი მზარდი და ასე ვთქვათ, საშიში სარაგბო ქვეყანა ხდება.

უელსთან კარდიფში თამაში ყველასათვის დიდი ზეიმი და ოცნების ასრულებაა. იქაური გარემო განსაკუთრებულია, ქალაქი რაგბით ცხოვრობს, კარდიფის ცენტრშია სტადიონი, სადაც ცარიელი ადგილი არ არსებობს. ყველას ახსოვს ჩვენი წინა თამაში უელსთან, ძალიან ეფექტურად ვითამაშეთ და ახლოს ვიყავით ძალიან დიდ სენსაციასთან.

მიხარია, რომ ბოლო პერიოდში ჩვენთანაც დაიწყო გულშემატკივარმა სპორტულ ღონისძიებებზე სიარული. ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს სავსე ტრიბუნებს მოთამაშეებისთვის და აქედან გამომიდინარე, ჩემი დიდი სურვილია, 6 და 12 ნოემბერს სავსე „დინამო არენა“ ვნახო.