ტაიმაუტი | კარატისტი გოგიტა არქანია - ოლიმპიადაზე მხოლოდ მონაწილეობითვის არ მივდივარ, მაგრამ წინასწარ არაფერს ვიტყვი #1TVSPORT
გადაცემა „ტაიმაუტს“ ოლიმპიური ნაკრების წევრი, კარატისტი გოგიტა არქანია სტუმრობდა, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე აბსოლუტურ წონით კატეგორიაში (+75 კგ) იასპარეზებს.
მსოფლიო ჩემპიონმა, მსოფლიო პრიზიორმა, ევროპის სამგზის ჩემპიონმა, გოგიტა არქანიამ ტოკიოს მოახლოებულ ოლიმპიადაზე ისაუბრა:
„მინდა, საქართველოს ოლიმპიურ გუნდს წარმატებები ვუსურვო. კარატე 2016 წლიდან გახდა ოლიმპიური სახეობა და როგორც კი ეს გავიგე, იმ დღიდან მქონდა მოტივაცია, რომ ლიცენზია მომეპოვებინა და ჩვენ ეს შევძელით. სარეიტინგო ქულების დაგროვება 2018 წლიდან დაიწყო. პრაქტიკულად არც ერთი შეჯიბრი არ გამომიტოვებია, ყველგან ვიღებდი მონაწილეობას და თითქმის ყოველთვის მედლით ვბრუნდებოდი. შემდეგ ერთ წელზე მეტი პანდემიის გამო გაგვიცდა. წელს მხოლოდ ორ ტურნირში მივიღეთ მონაწილეობა.
დღეს, ღამე ჩამოდის ჩემი სპარინგ-პარტნიორი ბელარუსიდან. მზადების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს და 28-ში უკვე ტოკიოში გავემგზავრებით. ოლიმპიურ თამაშებს მაქსიმალური მზადყოფნით უნდა შევხვდეთ და იქ, როგორ ვიქნებით ფსიქოლოგიურად, ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული. ოლიმპიადაზე ჩემს მეტოქეებს კარგად ვიცნობ, ყველას შევხვედრივარ და უარყოფითი ბალანსი არც ერთთან არ მაქვს. ოლიმპიადაზე მარტო მონაწილეობითვის არ მივდივარ, მაგრამ წინასწარ რამის თქმა არ მინდა“.
გოგიტა არქანიამ საქართველოში კარატეს პოპულარიზაციასა და პერსპექტივაზეც ისაუბრა:
„კარატე საქართველოში არ არის სპორტის პოპულარული სახეობა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ ოლიმპიადის შემდეგ უფრო პოპულარული გახდება. ახალ თაობას რაც შეეხება, ჩვენი 20-წლამდელები მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორები არიან, რაც იმის ნიშანია, რომ კარგი მომავალი თაობა და ღირსეული მემკვიდრეები გვყავს“.