ტაიმაუტი I ზუკა რურუა - სერბეთთან გამარჯვება თავდაუზოგავი შრომის შედეგია #1TVSPORT
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მონტენეგროში ჩატარებული მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრაში ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული სერბეთის ნაკრები დაამარცხა. შეხვედრის ძირითადი დრო 11:11 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ქართველმა წყალბურთელებმა 12:11 გაიმარჯვეს.
ისტორიული გამარჯვების შესახებ პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა, ზუკა რურუამ ისაუბრა.
„ეს გამარჯვება თავდაუზოგავი შრომის შედეგია. ნაკრების შემადგენლობა ბოლო წლებია, ერთად მოდის. ვფიქრობ, ყველა საბაზისო ინფორმაცია, რაც შეგროვებული გვქონდა, ამ თამაშში გამომჟღავნდა. ჩვენთვის ასეთი დონის ნაკრების დამარცხება რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო, ახლა კი ჩანს, რომ ყველაფერი შესაძლებელია.
სერბეთის ნაკრებთან აქამდე ოფიციალური შეხვედრა ჩატარებული არ გვქონდა. ქართული წყალბურთის ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველივე ოფიციალური მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა.
მსოფლიო თასზე ორი მატჩი მოვიგეთ, რაც კარგია როგორც რეიტინგისთვის, ისე მომდევნო მსოფლიო თასზე მონაწილეობისთვის. უახლოესი გეგმა ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპს უკავშირდება, ეს ტურნირი მომდევნო წელს ისრაელში გაიმართება“, – ამბობს რურუა.
მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებმა, სერბეთის გარდა, ავსტრალიასთანაც გაიმარჯვა (13:12), ხოლო მონტენეგროს, ესპანეთისა და საბერძნეთის ნაკრებებთან დამარცხდა.