ტაიმაუტი | გურამ კაშია - სანიოლი პოზიტიური ადამიანია, დაძაბულობას და წნეხს გვიხსნის #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ნაკრებისა და თბილისის „ლოკომოტივის“ ცენტრალურმა მცველმა გურამ კაშიამ განვლილ სანაკრებო მატჩებზე ილაპარაკა.
- იმ თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, რაც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საწყის სამ მატჩში ვუჩვენეთ, ამბიცია უნდა გაგვიჩნდეს რომ ჯგუფში წარმატებით გამოვიდეთ. კოსოვოსთან ალბათ, მძიმე ბრძოლა გვექნება, მაგრამ მათთან ქულები უნდა დავგეგმოთ. შვედეთთან და საბერძნეთთან კი აუცილებლად მოგებაზე უნდა ვითამაშოთ.
- ჩემი აზრით, დღეს ყველაზე რთული პოზიცია ცენტრალური თავდამსხმელისაა, რადგან ხშირად ვთამაშობთ გრძელი გადაცემებით და ფორვარდს უწევს მაღალ მცველებთან ბრძოლა. უფრო მეტი მომენტი უნდა შევუქმნათ.
- დაცვაში ახალი პარტნიორები მყავდა. დვალს კარგად ვიცნობ, კარგი მცველია და ცოტა შეცდომას უშვებს, ჩემპიონთა ლიგაზე დიდი გამოცდილება მიიღო. ხოჭოლავა, სამწუხაროდ, კოვიდის გამო არ იყო – მას ევროთასებზე ასევე დიდი გამოცდილება აქვს. კვირკველია რუსეთში მაღალ დონეზე თამაშობს. კობახიძე და გრიგალავა კარგი მცველები არიან. ასე რომ, ცენტრალურ მცველებში დიდი არჩევანია. ფლანგის ახალმა მცველებმა გუნდს ახალი ენერგია შემატეს. ბურთის მეტოქის ნახევარზე ატანაში ძალიან შეგვიწყვეს ხელი. გიორბელიძეს არაერთი დრიბლინგი ჰქონდა – ასეთი მცველები საჭიროა, ნახევარდაცვა რომ მოამარაგოს. აგრესიულიცაა და ორთაბრძოლებს თითქმის არ აგებდა. კარგი დებიუტი ჰქონდა მასაც და ჩაბრაძესაც.
- სანიოლი ისეთვეა, როგორ პრესკონფერენციაზე – გახსნილია და შეგიძლია ნებისმიერ დროს ელაპარაკო. ხიზანიშვილი კარგად ეხმარებოდა. ალბათ, ახალი მცველებიც ზურა ურჩია, კარგი სელეცია იყო ჩატარებული. დავალებები ძალიან კარგად მოგვაწოდა. მოედნის მიღმა დისციპლინა ძალიან უყვარს. პოზიტიური ადამიანია.
- სანიოლი დაძაბულობას და წნეხს გვიხსნის. უბურთოდ აგრესიულ თამაშს გვთხოვს. მცველებს კი კონკრეტულ დავალებებს გვაძლევს. თანაც, მცველების სწორი არჩევანი გააკეთა. ნაკრებს რომ გაიცნობს, მჯერა, გუნდი უკეთ ითამაშებს. სხვათა შორის, ძალიან უყვარს სწრაფი ფეხბურთელები, ლობჟანიძე და კვარაცხელია.