საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი მერებაშვილი - ევრო 2020-ზე ესპანეთს ვგულშემატკივრობ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ გამორჩეულია #1TVSPORT
გიორგი მერებაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ევრო 2020-ის ჯგუფების ფავორიტებზე და სხვა საინტერესო ამბებზე ილაპარაკა.
„ჩემი აზრით, A ჯგუფში ფავორიტი იტალიაა, გუნდურ ფეხბურთს თამაშობენ, გამორჩეული ლიდერი კი არ ჰყავთ და ეს მათი წარმატების მიზეზი მგონია. დანარჩენ სამ გუნდს თანაბარი შანსი აქვს. მაგრამ მეორე ადგილზე უფრო შვეიცარია წარმომიდგენია. ევრო 2020-ზე მოხვედრის შემდეგ უელსს მწვრთნელი შეუცვალეს და ეს დაღს დაასვამს, თანაც არასტაბილური გუნდია.
ბელგიაც ერთ-ერთი ფავორიტი იქნება, რადგან კარგად შეთამაშებული გუნდია, შემტევ ფეხბურთს უჩვენებს და B ჯგუფის ფავორიტი მგონია. აზარისგან ორმაგი მოტივაციით თამაშს ველოდები, ჩავარდნილი სეზონის შემდეგ დაამტკიცოს, რომ მაღალ დონეზეა. ყველა პოზიციაზე ძლიერი სათადარიგო ჰყავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მასთან ერთად კი ჯგუფის ფავორიტად დანიაც მიმაჩნია, რომელსაც ძლიერი ნახევარდაცვა ჰყავს.
პოლონეთში ვთამაშობდი და მზარდი ნაკრებია. ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა, რომლებიც ერთი-ორი წლის წინ პოლონეთის ჩემპიონატში ასპარეზობდა. თუ პოტენციალს გამოაჩენენ, შეიძლება E ჯგუფიდან გავიდნენ. მათ ხელს მწვრთნელების ხშირი ცვლა უშლის და ბირთვი ვერ ჩამოყალიბდა.
ესპანეთს ვგულშემატკივრობ და ერთ-ერთ ფავორიტად მიმაჩნია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ გამორჩეულია, რადგან დონე გათანაბრდა და ბევრი საშუალო გუნდი წამოიწია – შვეიცარია, ბელგია… ამიტომ საინტერესო თამაშებს ველოდები. კოვიდპანდემიის გამო მსოფლიოში რთული სეზონი იყო და მნიშვნელოვანი იქნება, ევროპის ჩემპიონატს ვინ როგორ მდგომარეობაში შეხვდება.“