ტაილანდს ტროპიკული შტორმი პაბუკი უახლოვდება. სტიქიის გამო, ქვეყანას ათასობით ტურისტი ტოვებს. მეტეოროლოგების პროგნოზით, შტორმი ტაილანდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს დაატყდება თავს.
სანაპიროზე 7-მეტრიანი ტალღები, წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებას მოქალაქეთა ევაკუაციის განკარგულება არ გაუცია. ტაილანდის თავდაცვის მინისტრის თქმით, სამხედრო ბაზებზე ყაზარმული რეჟიმი გამოაცხადეს და ჯარისკაცები მოსახლეობის დასახმარებლად მზად არიან.
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ შტორმი ტურისტებს შორის პოპულარულ კუნძულებს კო პჰანგანს, კო სამუის და კო ტაოს გადაუვლის.
მოახლოებული სტიქიის გამო, ტურისტებს მოუწოდებენ, სანაპიროზე გასვლას მოერიდონ. ზოგიერთ რაიონში აკრძალულია ნავებით მიმოსვლა. გაუქმდა რამდენიმე ავიარეისიც.
აღსანიშნავია, რომ პაბუკი პირველი შტორმია უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, რომელიც ტაილანდს ტურისტულ სეზონზე დაატყდა თავს.