ტაგირ გაჯიევმა რაგბის ქართველი გულშემატკივარი გააკრიტიკა
ტაგირ გაჯიევმა რაგბის ქართველი გულშემატკივარი გააკრიტიკა

სარაგბო პორტალ rugger.info-სთან მიცემულ ვრცელ ინტერვიუში რუსეთის ნაკრების წევრმა ტაგირ გაჯიევმა საქართველო-რუსეთის სარაგბო დაპირისპირებასა და ქართველ ქომაგზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, წელს რაგბი ევროპის გათამაშებაზე საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისში გასამართი შეხვედრა კორონავირუსის გამო გაუქმდა. რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების 25 წლის მესამეხაზელმა აღნიშნულ ინტერვიუში ბორჯღალოსნებთან გადადებულ მატჩზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

„ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამ პირველად მოხდა – თამაში გადაიდო. მე არც ისე დიდი გამოცდილება მაქვს რაგბი ევროპის გათამაშებაზე, მაგრამ ეს სეზონი ძალიან უჩვეულო გამოდგა. დაფიქსირდა მოულოდნელი შედეგები. ესპანეთს კვლავ ჰქონდა მოთამაშეების ნატურალიზაციასთან დაკავშირებით პრობლემები და ბოლო ტურში, კორონავირუსის გამო, ყველა მატჩი ჩაიშალა.

ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა ასე არ მომხდარიყო. ბიჭები ემზადებიან და ძალიან გრძელ საწვრთნელ ეტაპს გავდივართ იმისთვის, რომ შემდეგ გამოვიდეთ, ვითამაშოთ და საკუთარი შესაძლებლობები გამოვავლინოთ. მე ვფიქრობ, რომ მატჩები მაყურებლის გარეშე უნდა ჩატარებულიყო და ტურნირები არ უნდა გაუქმებულიყო. რისკი ყოველთვის არის და ვირუსისგან დაცული არავინ არაა.

ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს ქუჩაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. საქართველოს ნაკრებთან ნამდვილად ძალიან საინტერესო მატჩი გამოვიდოდა, რა თქმა უნდა სავსე ტრიბუნების წინაშე უმჯობესი იქნებოდა, ნებისმიერ შემთხვევაში, კარგ გუნდთან თამაში ყოველთვის კარგი გამოცდილებაა.

2018 წელს მე თბილისში ვითამაშე. მსოფლიო თასზე არ მიმიღია ისეთი ემოცია, როგორც მაშინ. საქართველოში სტადიონზე მოსული ქომაგები, ყვირიან ჩვენ წინააღმდეგ, თუმცა ეს ხელს გვიწყობს, რომ უკეთ განვეწყოთ. მსოფლიო თასზე ნეიტრალური გულშემატკივარია, იქ კი 50 ათასი ადამიანი გისტვენს და ყელის ჩახლეჩვამდე ყვირის. საკუთარი ხმა არ გესმის. მინდა, რომ სპორტი პოლიტიკისგან შორს იყოს. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი ადამიანი რაგბის ნამდვილი ქომაგი არ არის და სტადიონზე მხოლოდ საქართველო-რუსეთის მატჩზე დადის, ნაკრების სხვა შეხვედრებს კი სტადიონზე ამ რაოდენობით გულშემატკივარი არ ესწრება“.

ტაგირ გაჯიევი გასული წლის რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბე გახდა, მას რუსეთის ეროვნული ნაკრების რიგებში 32 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 6 ლელოს ავტორია. გაჯიევმა გასულ წელს იაპონიაში გამართულ მსოფლიო თასზე „დათვების“ შემადგენლობაში ჯგუფური ეტაპის ოთხივე შეხვედრა ჩაატარა.

დატოვე კომენტარი