თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის’’ თანამშრომელი დააკავეს

09:32, 24.05.2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და ქალაქ თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე თბილისის მერიის შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ავტობუსების ექსპლუატაციის უსაფრთხოების და მოძრაობის ორგანიზების სამსახურის ინსპექტორი, გიორგი გ. დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი გ. საქართველოს მოქალაქეს ჰპირდებოდა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ კონდუქტორის თანამდებობაზე დანიშვნას, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და ეტაპობრივად გამოართვა 700 ლარი.

„გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“, – აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში.

მსგავსი