სვეტლანა ციხანოვსკაიას შტაბი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
სვეტლანა ციხანოვსკაიას შტაბი ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. შტაბში აცხადებენ, რომ ციხანოვსკაიამ ხმათა 70-დან 80 პროცენტამდე მოიპოვა. ინფორმაციას „ბიბისის“ რუსულენოვანი რედაქცია ავრცელებს.
9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ბელარუსის ქალაქები საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა. დემონსტრანტები ქუჩებში მას შემდეგ გავიდნენ, რაც ნაციონალური ეგზიტპოლის შედეგები გამოცხადდა, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა თითქმის 80 პროცენტმა დაუჭირა მხარი.
დემონსტრაციები უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებაში გადაიზარდა. ძალოვანებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. არიან დაშავებულები. ამასთან, პოლიციამ აქციის მონაწილეებიც დააკავა, თუმცა დაშავებულებისა და დაკავებულების ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია.