სვეტლანა ციხანოვსკაიამ 26 ოქტომბრიდან ბელარუსში საყოველთაო გაფიცვის დაწყების შესახებ განაცხადა
სვეტლანა ციხანოვსკაიამ 26 ოქტომბრიდან ბელარუსში საყოველთაო გაფიცვის დაწყების შესახებ განაცხადა

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის განცხადებით, ბელარუსებმა აჩვენეს, რომ მშვიდობიანი პროტესტი მუდმივი შემოქმედებითი ძალაა.

ციხანოვსკაიას თქმით, ოპოზიციის აქციებზე ბელარუსის ხელისუფლების რეაქცია ცხადყოფს, რომ ქვეყნის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ძალაუფლებას კარგავს.

„ქვეყნის მასშტაბით გაფიცვა ხვალ, 26 ოქტომბერს დაიწყება. ბელარუსები ამ ნაბიჯს გადადგამენ, რადგან მათი სიტყვა კანონია. კანონი, რომლის მოკვლასაც ცდილობდნენ, მაგრამ ჩვენ ნამდვილად დავიბრუნებთ მას. ჩვენი მთავარი მშვიდობიანი იარაღი – სოლიდარობა – დაგვეხმარება ამაში“, – განაცხადა ციხანოვსკაიამ.

როგორც „დოიჩე ველეს“ რუსულენოვანი რედაქცია აღნიშნავს, ულტიმატუმის ვადა, რომელიც პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, სვეტლანა ციხანოვსკაიამ სახელმწიფოს მეთაურ ალექსანდრე ლუკაშენკოს წაუყენა, 25 ოქტომბერს იწურება. მოთხოვნებს შორის არის ბელარუსის პრეზიდენტის გადადგომა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ძალადობის დასრულება.