სვენ მიქსერი - მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იყოს სრულად გათვალისწინებული, ვიდრე მაღალი რანგის მოსამართლეების დანიშვნა მოხდება
ხაზი გავუსვი სასამართლო სისტემის დამოკიდებლობის უმაღლესი სტანდარტების პატივისცემის აუცილებლობას და სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელობას, რაც საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, – ამის ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა განაცხადა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე მსჯელობენ.
მან ხელისუფლებას მოუწოდა, მაღალი რანგის მოსამართლეების დანიშვნამდე სრულად გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.
„მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იყოს სრულად გათვალისწინებული, ვიდრე მაღალი რანგის მოსამართლეების დანიშვნა მოხდება. აქვე გამოვხატავ მწუხარებას წინა დანიშვნების პროცესში დაფიქსირებული ხარვეზების გამო.
ჩემს ანგარიშში ასევე ისმის მოწოდება თანამშრომლობის გაღრმავებისკენ ინფრასტრუქტურული და ვაჭრობის სფეროში. დოკუმენტში კიდევ ერთხელ არის მოწოდება ევროკომისიის მიმართ, რომ უზრუნველყოს საქართველოს ჩართულობა ევროკავშირის სააგენტოების მუშაობაში“, – განაცხადა ესტონელმა ევროპარლამენტარმა, საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის ავტორმა, სვენ მიქსერმა.