სვენ მიქსერი - მოვუწოდებ ოპოზიციას, დაუბრუნდეს პარლამენტს, მოვუწოდებ მათ მოკავშირე პარტიებს ევროპარლამენტში, მხარი დაუჭირონ ამ მოწოდებას
მოვუწოდებ ოპოზიციას, დაუბრუნდეს პარლამენტს, მოვუწოდებ მათ მოკავშირე პარტიებს ევროპარლამენტში, მხარი დაუჭირონ ამ მოწოდებას, – ამის შესახებ აცხადებს ევროპარლამენტის წევრი, საქართველოს საკითხზე მომხსენებელი სვენ მიქსერი.
სვენ მიქსერის მოწოდება მოცემულია ევროპარლამენტში „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ წევრების განცხადებაში, რომელიც პარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. პარტია აღნიშნავს, რომ დროა, დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი საქართველოში, ქვეყნის სტაბილურობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.
„სოციალ-დემოკრატების“ ჯგუფი მოუწოდებს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას, ხელახლა ჩაერთონ დიალოგში და აქტიურად შეუწყონ ხელი პოლიტიკური დაძაბულობის დეესკალაციას. ეს არის წინსვლის ერთადერთი გზა ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური აქტორისთვის, თუ მათ არ სურთ ქვეყნის სტაბილურობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის საფრთხის შექმნა.
„მე არ ვეთანხმები ოპოზიციის ლიდერ ნიკა მელიას დაპატიმრებას, რაც კიდევ უფრო ზრდის პოლიტიკურ დაძაბულობას. ხელისუფლებაში მყოფთ ეკისრებათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ამ დაძაბულობის განმუხტვაზე, შექმნილი პოლიტიკური დაპირისპირებიდან გამოსავლის ძიებაზე და იმაზე, რომ არ უპასუხონ პროვოკაციებს არაპროპორციულად. ამის მიუხედავად, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარება ძალიან რთულია და არ არის მხოლოდ შავი და თეთრი. დაძაბულობა მაღალია მას შემდეგ, რაც გასული წლის ნოემბერში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში.
მიუხედავად იმისა, რომ ოდირმა გარკვეული დარღვევების მიუხედავად, არჩევნები შეაფასა, როგორც კონკურენტული, ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა მეორე ტურს და ამ დრომდე ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს. მოვუწოდებ ოპოზიციას, დაუბრუნდეს პარლამენტს და მოვუწოდებ მათ მოკავშირე პარტიებს ევროპარლამენტში, მხარი დაუჭირონ ამ მოწოდებას. საქართველოს პარლამენტი არის პოლიტიკური უთანხმოებების მოგვარებისა და საარჩევნო და სასამართლო რეფორმებზე მუშაობის გაგრძელების ადგილი.
ქართველი ხალხის დემოკრატიისა და კეთილდღეობისადმი ლეგიტიმური მისწრაფებების, ასევე, ქვეყნის სტაბილურობა და ევროატლანტიკური მომავალი არ შეიძლება იყოს რომელიღაც პოლიტიკური პარტიის ინტერესების მძევალი. შესაბამისად, როგორც მმართველ პარტიაში, ისე ოპოზიციაში, ზომიერმა პირებმა უპირატესობა უნდა მოიპოვონ, პოლიტიკურ დაყოფაზე მაღლა დადგნენ და გადაჭრან მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი“, – ნათქვამია ევროპარლამენტის წევრის, საქართველოს საკითხზე მომხსენებლის, სვენ მიქსერის განცხადებაში.