სვენ მიქსერი - მოვუწოდებ კოლეგებს, დაარწმუნონ ქართველი მეგობრები, რომ სჭირდებათ დემოკრატიულ საპარლამენტო პროცესში ჩართვა, არ შესწირონ ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები რომელიმე პარტიის მოკლევადიან ინტერესებს
მოვუწოდებ კოლეგებს, დაარწმუნონ ქართველი მეგობრები, რომ სჭირდებათ დემოკრატიულ საპარლამენტო პროცესში ჩართვა, არ შესწირონ ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები რომელიმე პარტიის მოკლევადიან ინტერესებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას ევროპარლამენტის წევრმა, საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა, სვენ მიქსერმა განაცხადა.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო მედიაციის ძალისხმევას, რომელიც დაიწყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის ძებნას.
ასევე, მინდა ვთქვა, რომ პროვოკაციულ ქმედებებზე რეაგირების დროსაც კი, ხელისუფლებაში მყოფმა პირებმა უნდა შეინარჩუნონ ცივი გონება და არ იმოქმედონ არაპროპორციულად ან იმგვარად, რაც სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ექვსპუნქტიანი გეგმა, რომლებზეც პარტიები შეთანხმდნენ, იყოს განხილული ყოვლისმომცველად და სისტემატურად. შექმნილი კრიზისი გარდა, ის ეხება ასევე საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს.
და ბოლოს მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური განსხვავებები და უთანხმოებები გადაიჭრას დემოკრატიული საპარლამენტო დებატების ფორმატში. მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგას, მოახდინონ გავლენა ქართველ მეგობრებზე და მოსაუბრებზე პოლიტიკური სპექტრიდან და დაარწმუნონ ისინი, რომ მათ სჭირდებათ დემოკრატიულ საპარლამენტო პროცესში ჩართვა და არ შესწირონ ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები რომელიმე პარტიის მოკლევადიან პოლიტიკურ ინტერესებს“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.