სუს-ში ადასტურებენ, რომ ოთარ ფარცხალაძე უწყებაში იყო დაბარებული და სუს-ში იმყოფებოდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე უწყებაში იყო დაბარებული და ის სუს-ში იმყოფებოდა.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. ამ დროისთვის სხვა დეტალები არ კონკრეტდება.
შეგახსენებთ, აშშ-მა რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო ომის წარმოებასთან დაკავშირებით, 150-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულ პირთა შორის არის საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ სანქციები დაუწესა ოთარ ფარცხალაძეს, რომელსაც უსაფრთხოების ფედერალური სამსახური (ფეესბე) იყენებდა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად. ამასთან, ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ფარცხალაძე სასანქციო სიაში წარდგენილია რუსეთის ეკონომიკის საკონსულტაციო სექტორის მენეჯმენტში საქმიანობისთვის.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო სუს-მა საკითხის შესწავლა 15 სექტემბერს დაიწყო.