სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის
სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გავრცელებული ჩანაწერი, რომელშიც, უწყების ცნობით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის, მორის (ჰუსეინ) მაჩალიკაშვილის საუბარი ისმის, სატელეფონო ჩანაწერი არ არის. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სუს-ის პრესსამსახურში განუცხადეს.

„გამოძიების ფარგლებში, ინფორმაციის გადამოწმებისა და მტკიცებულებათა მოპოვების მიზნით, შესაბამისი სასამართლო განჩინებების საფუძველზე განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის: სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა და ფარული ვიდეო/აუდიო ჩაწერა და ფოტო გადაღება. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად ცნობილი გახდა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენა“, – აცხადებენ სუს-ში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს განაცხადეს, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა დღესვე მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს.