სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

სუს-ის ინფორმაციით, ანტიკორუფციულ სააგენტოში 2018 წლის 14 დეკემბერს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე დიდი ოდენობით თაღლითობისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე.

„აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, შპს „ბილდინგ-დეველოპერის“დირექტორი ალექსი ს. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის 8 აგვისტოს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „ბილდინგ-დეველოპერს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში წყლის ცენტრალური მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით. შპს „ბილდინგ-დეველოპერის“ დირექტორმა ალექსი ს.-მ არასრულყოფილად შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, რის შედეგადაც თაღლითურად დაეუფლა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას 21921.86 ლარის ოდენობით.

გამოძიება დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ’ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს”, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.