სუს-ი - „გლობალური ტერორიზმის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო ტერორიზმის ზეგავლენის კუთხით ძალიან დაბალი რისკის ქვეყნებს შორისაა
სუს-ი - „გლობალური ტერორიზმის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო ტერორიზმის ზეგავლენის კუთხით ძალიან დაბალი რისკის ქვეყნებს შორისაა

„გლობალური ტერორიზმის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო ტერორიზმის ზეგავლენის კუთხით ძალიან დაბალი რისკის ქვეყნებს შორისაა, – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

„2019 წლის განმავლობაში, საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების გარკვეული თვალსაზრისით დასუსტების მიუხედავად, ტერორიზმი კვლავ წარმოადგენდა მსოფლიო უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას. ტერორისტულმა ორგანიზაცია „დაეშმა“ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. „ალ-ქაიდამ“ და მასთან აფილირებულმა ჯგუფებმა შეძლეს „დაეშის“ რიგებში მებრძოლი ტერორისტების გარკვეული ნაწილის გადაბირება, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, სირიაში კრიტიკული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ.

გასული წლების მსგავსად, აქტიურად ხორციელდებოდა ტერორისტული თავდასხმები. ზემოაღნიშნული ჯგუფებისა და ორგანიზაციების ძირითად სამიზნეს წარმოადგენდა ახლო აღმოსავლეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები, ასევე ფიქსირდებოდა თავდასხმები აფრიკის კონტინენტსა და აზიაში. თავდასხმების პროცესში აქტიურად ხორციელდებოდა ე.წ. მარტოხელა მგლებისა და თვითრადიკალიზებული პირების/პირთა ჯგუფების გამოყენება.

გასული წლის განმავლობაში, მსოფლიოში მნიშვნელოვნად გააქტიურდნენ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფები. ამ მიმართულებით რადიკალიზებული პირები აანონსებდნენ და ახორციელებდნენ თავდასხმებს ეთნიკურ, რელიგიურ, რასობრივ და სხვა ნიადაგზე“,- აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ აღნიშნული საფრთხეების საპასუხოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2019 წლის განმავლობაში აქტიურად ახდენდა საერთაშორისო ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეების იდენტიფიცირებას, ახალი გამოწვევების გამოვლენას და ინტენსიურად მოქმედებდა ტერორიზმის პრევენციისა და საფრთხესთან გამკლავების გზების გაუმჯობესების მიმართულებით.

„კონკრეტული ღონისძიებების გარდა, ინტენსიურად ხორციელდებოდა ტერორისტულ საფრთხეებზე რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერება, ინფორმაციის გაცვლის მიზნით საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობა. მიმდინარეობდა მუშაობა მაღალი რისკის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების უსაფრთხოების ზომების შეფასების, სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების პასპორტიზაციისა და რისკების ანალიზის მიმართულებით. აქტიურად ხორციელდებოდა ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლების მომზადება/გადამზადება.

სახელმწიფოს მიერ ტერორიზმსა და ექსტრემიზმთან ბრძოლის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები დადებითად არის შეფასებული ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში. დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოს შესაძლებლობები და მზაობა, გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმთან დაკავშირებულ შემთხვევებზე. ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, როგორც ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირებისა და გამოძიების წამყვანი უწყება, არის კარგად აღჭურვილი და მომზადებული.

საქართველოს მიერ ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში გაწეული ძალისხმევა და განხორციელებული აქტივობები ასევე პოზიტიურად არის შეფასებული ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო განაგრძობდა „დაეშის“ წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის აქტიურ მხარდაჭერას.

ამასთან, მნიშვნელოვანია „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიში „გლობალური ტერორიზმის ინდექსი“, რომლის მიხედვით, საქართველო ტერორიზმის ზეგავლენის კუთხით ძალიან დაბალი რისკის მქონე ქვეყნებს შორისა“,- აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.