სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ზუგდიდში, სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ზუგდიდში სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმო შპს „ანაკლია“ (მისამართი: ქ. ზუგდიდი, გრიბოედოვის ქუჩა N77) არაგეგმურად შეამოწმეს.
როგორც სეს-ში აცხადებენ, ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, ინფრასტრუქტურული გაუმართაობა. ამავდროულად, დაფიქსირდა ეტიკეტირების წესის დარღვევისა და ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციის ფაქტები.
სეს-ში განმარტავენ, რომ, კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის დაცვის მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.